სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის სამართლის სკოლის გუნდი სისხლის სამართლის ადვოკატირების უნარ-ჩვევების კონკურსის ფინალისტია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი, ზედიზედ მეორე წელია, სისხლის სამართლის ადვოკატირების უნარ-ჩვევების კონკურსის ფინალშია. შარშანდლისგან განსხვავებით, როცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა პირველი ადგილი მოიპოვა, 2017 წელს, რიგით მეექვსე ეროვნულ შეჯიბრში მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა. ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ილიაუნის სამართლის სკოლისა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდები.

სამართლის სკოლის გუნდში შედიოდნენ: გიორგი ხალათაშვილი, ნია კვაჭანტირაძე, ირაკლი კოტეტიშვილი, დავით საყვარელიძე, მარიტა გოგიბერიშვილი და მარიამ ჩოხელი. გუნდს ხელმძღვანელობდა ილიაუნის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი, ბესიკ ქვარცხავა.

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესსამართლის ეროვნული ცენტრისა და USAID/PROLoG-ის ორგანიზებით, სტუდენტური ეროვნული ჩემპიონატი საქართველოს უზენაეს სასამართლოში 18-19 მარტს ჩატარდა. ეროვნული ჩემპიონის ტიტულისთვის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ერთად წელს შეჯიბრში მონაწილეობდნენ: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, სულხან-საბა ორბელიანისა და კავკასიის უნივერსიტეტები, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. შეჯიბრში მსაჯების როლს ასრულებდნენ მოქმედი მოსამართლეები, ადვოკატები და პროკურორები.

ფინალისტები დაჯილდოვდნენ ეროვნული თასით და სერტიფიკატებით.

ბანერები