სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის სამართლის სკოლის დეკანი გიორგი პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით კიევს ეწვია

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი, გიორგი პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით კიევს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდება აკადემიურ წრეებს, წაიკითხავს საჯარო ლექციებს, მოხსენებით გამოვა ეუთოსა და უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში – მარიუპოლის კონსტიტუციურ ფორუმში.

2 ოქტომბერს, კიევის დროით 17:00 საათზე, გიორგი პაპუაშვილი კიევის ეკონომიკურ სკოლაში წაიკითხავს საჯარო ლექციას „საკონსტიტუციო სასამართლოს როლი ადამიანის ძირითადი უფლებების ეფექტურად დაცვის უზრუნველსაყოფად“.

ლექცია შეეხება უკრაინისა და საქართველოს საერთო გამოწვევებს ქმედუნარიანი და დამოუკიდებელი საკონსტიტუციო მართლმსაჯულების ორგანოების შექმნის კუთხით, ამ მიმართულებით მიღებული ორი ქვეყნის გამოცდილების შედარებას და გზების პოვნას საერთო პრობლემების გადასაჭრელად.

3 ოქტომბერს, კიევის დროით 15:00 საათზე, კიევ-მოჰილას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში გიორგი პაპუაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას „საკონსტიტუციო სასამართლოს გავლენა ეროვნული კანონმდებლობის განვითარებაზე – საქართველოს შემთხვევა“ .

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები ასევე გაიმართება ტარას შევჩენკოს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე.

6 ოქტომბერს, კიევის დროით 10:00 საათზე, გიორგი პაპუაშვილი ეუთოსა და უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში – მარიუპოლის კონსტიტუციურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას და მოხსენებით გამოვა.

ილიაუნის სამართლის სკოლის დეკანი გიორგი პაპუაშვილი არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, საერთაშორისო კონსულტანტი სამართლის უზენაესობის, სამართლებრივი და სასამართლო რეფორმების და ანტიკორუფციულ სფეროებში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტების ფარგლებში (ევროპის კავშირი, გაერო, ევროპის საბჭო, ეუთო, მსოფლიო ბანკი და ა. შ).

2023 წელი

ბანერები