სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის სამართლის სკოლა Foreign Direct Investment Moot-ზე

მიმდინარე წლის 23-26 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი მონაწილეობდა საინვესტიციო სამართლის იმიტირებული საარბიტრაჟო სასამართლო პროცესის ჩემპიონატში (Foreign Direct Investment Moot), რომელიც ყოველწლიურად როტაციის პრინციპით ოთხი პარტნიორი უნივერსიტეტიდან ერთ-ერთში ტარდება; წელს ის ქალაქ ფრანკფურტში გაიმართა. ღონისძიების მთავარი მასპინძელი და ორგანიზატორი გერმანიის საარბიტრაჟო ინსტიტუტი გახლდათ.
 
მონაწილეობა ითვალისწინებდა პირველ ეტაპზე ორგანიზატორებისათვის სავალდებულო წერილობითი მემორიალების (სარჩელისა და შესაგებელის) წარდგენას. წერილობითი მემორიალების შედგენისას გამოყენებულ იქნა საერთაშორისო ხელშეკრულებები, საინვესტიციო სამართლის წამყვან სპეციალისტთა ნაშრომები და სასამართლო პრეცედენტები. მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან წარდგენილ იქნა სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების წერილობითი აპლიკაცია, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ფინალური ეტაპის მონაწილე დაახლოებით 60 გუნდის შერჩევა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი მოხვდა იმ გუნდებს შორის, რომლებიც მსოფლიოში ცნობილი არბიტრების წინაშე უნდა წარმდგარიყვნენ მოსარჩელისა და მოპასუხის როლში. აღნიშნული იმიტირებული სასამართლო პროცესების განმავლობაში მონაწილეებს უხდებოდათ არბიტრების წინაშე სიტყვით გამოსვლა და თავიანთი მარწმუნებლის პოზიციების დაცვა. არბიტრები პროცესის მონაწილეებს უსვამდნენ არაერთ კითხვას როგორც საქმის ირგვლივ, ასევე სამართლებრივი შეფასებების თვალსაზრისით, რათა შეეფასებინათ მონაწილე გუნდის მიერ საქმის გარემოებების დეტალური ცოდნა, სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის გაკეთებისა და მარწმუნებლის ინტერესების დაცვის უნარი.
 
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობა დიდ დახმარებას გაუწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს ადვოკატირების, თავდაპირველი პოზიციისა და არგუმენტების სწორად დაგეგმვის უნარების გამომუშავებაში. იმიტირებული პროცესების განმავლობაში არბიტრები აქცენტს აკეთებდნენ სწორედ მონაწილე პირის უნარზე, მაქსიმალურად დამაჯერებლად, ფაქტებზე დაყრდნობით და სათანადო არგუმენტების მოყვანით ამტკიცოს საკუთარი პოზიციის სისწორე.

გარდა ამისა, თითოეული პროცესის დასრულების შემდეგ არბიტრები აჯამებდნენ პროცესის მსვლელობას და აფასებდნენ მონაწილეებს ინდივიდუალურად, რაც ეხმარებოდა მონაწილე გუნდებს ყოველი რაუნდის შემდგომ გაეანალიზებინათ საკუთარი შეცდომები და უკეთესად წარმდგარიყვნენ მომდევნო პროცესზე.
 
ამ ფორმატში ილიაუნის უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო იმიტირებული სასამართლო პროცესების ოთხ რაუნდში, ორჯერ მოსრჩელისა და ორჯერ მოპასუხის როლში. ტურნირის გამარჯვებული ჰარვარდის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი გახდა.
 
ჩვენი უნივერსიტეტის გუნდმა მაკა ტოკმაზიშვილის, მიხეილ დაუშვილის, ანრი ფხაკაძის, ზურაბ ნატროშვილისა და ირინა აღაპიშვილის (მწვრთნელი) შემადგენლობით, მოიპოვა მნიშვნელოვანი გამოცდილება, რაც აუცილებლად დაგვეხმარება საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი გამორჩეული ადგილის დამკვიდრებაში და უნივერსიტეტის სახელის ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანაში.

ბანერები