სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდის წარმატება

2013 წლის 24-25 და 27-28 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა მონაწილეობა მიიღო კომერციული მედიაციის ეროვნულ კონკურსში.

კონკურსი ტარდებოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლასთან, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან  (EWMI) და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტთან (JILEP) თანამშრომლობით.

კონკურსში მონაწილე გუნდების მომზადების მიზნით 24, 25 აპრილს  ჩატარდა ინგლისურენოვანი ტრენინგი მედიაციაში, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები დაეუფლნენ მედიაციის პროცესში კლიენტთა წარმომადგენლობის წარმართვისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს.  ეროვნული კონკურსი გაიმართა 27-28 აპრილს  სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის პროფესორების კეტრინ გრინ ბარნეტისა და კიმბერლი კოვაკის ხელმძღვანელობით და მასში მონაწილეობას იღებდნენ ქვეყნის ყველა წამყვანი უნივერსიტეტების სამართლის სკოლები.

ილიაუნის სამართლის სკოლის გუნდმა (მაკა თოქმაზიშვილი, ანრი ფხაკაზე, ზურაბ ნატროშვილი, ნადეჟდა მერაბიშვილი; მწვრთნელი ირინა აღაპიშვილი) წარმატებით ჩაატარა შესარჩევი ეტაპის ორი პროცესი და სამაგალითოდ წარსდგა ნახევარ ფინალში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის წინააღმდეგ, რის შემდეგაც თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდთან ერთად აღმოჩნდა ფინალში.

ფინალურ ეტაპზე, გამოავლინა რა საოცარი გუნდურობა, მოხერხებულობა და მედიაციის პროცესის პროფესიონალურ დონეზე წარმართვის უნარები ილიაუნის გუნდმა მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება და შედეგად უფლება წარადგინოს საქართველო საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კომერციული მედიაციის კონკურსში, რომელიც 2014 წლის თებერვალში პარიზში გაიმართება.

მსგავს შეჯიბრში გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელის ეროვნულ და საერთაშორისო ასპარეზზე საუკეთესოდ წარმოჩენისათვის!
 


ბანერები