სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი ოქსფორდში

2013 წლის 9-13 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა მონაწილეობა მიიღო მედია სამართლის საერთაშორისო იმიტირებულ სასამართლო პროცესში (Price Media Law Moot Court Programme), რომელიც ქალაქ ოქსფორდში, დიდ ბრიტანეთში, ჩატარდა.

მედია სამართლის იმიტირებული პროცესების პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო რაუნდები 2008 წლიდან ტარდება და მისი მიზანია თვითგამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების მიმართ ინტერესის გაზრდა. ყოველწლიური საერთაშორისო რაუნდები ეფუძნება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო კონვენციას და ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, ადამიანის უფლებათა აფრიკული სასამართლოს, შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკული სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებულ პრეცედენტულ სამართალს.

პროგრამაში მონაწილეობა ითვალისწინებდა პირველ ეტაპზე წერილობითი მემორიალების (სარჩელისა და შესაგებლის) წარდგენას. წერილობითი მემორიალების შედგენისას მონაწილე გუნდები ხელმძღვანელობდნენ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციით, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებათა შესახებ კონვენციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის წამყვანი სპეციალისტების ნაშრომებით, პუბლიკაციებითა და ზემოხსენებული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამართლის სკოლების, კერძოდ ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, ჩინეთის, ინდოეთის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის განვითარებული ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტების სამართლის სკოლის გუნდებმა წარადგინეს წერილობითი მემორიალები, რის შედეგადაც შეირჩა პროგრამაში მონაწილე 38 გუნდი. აღსანიშნავია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის მიერ წარდგენილ მემორიალებს არცერთი საჯარიმო ქულა არ მიუღია, რაც იმას ნიშნავს, რომ მემორიალის გარეგნული მხარე, სისტემურობა, სტრუქტურული წყობა და შინაარსობრივი მხარე სრულად შეესაბამებოდა იმიტირებული პროცესის ორგანიზატორთა მიერ დადგენილ კრიტერიუმებს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის წევრები არბიტრების წინაშე წარდგნენ მოსარჩელისა და მოპასუხის როლში. სასამართლო პროცესი გულისხმობდა გუნდის თითოეული წევრის მიერ მხარის ინტერესების დასაცავად სიტყვით გამოსვლას, საკუთარი პოზიციის წარმოჩენასა და არბიტრების არაერთ მწვავე კითხვაზე პასუხის გაცემა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი პირველ ეტაპზე შეხვდა ინდოეთის, ამერიკისა და ლატვიის წამყვანი უნივერსიტეტების სამართლის სკოლების გუნდებს, მათ შორის რეგენტის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდს (Regent University School of Law), რომელიც ფინალში დამარცხა დელის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდთან (NLU Delhi).

მსგავს შეჯიბრებებში მონაწილეობას დიდი მნიშვნელობა აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოსაჩენად, მისი სტუდენტების კვალიფიკაციის ასამაღლებლად, რათა მათ მომავალში თავისუფლად შეძლონ რეალურ დავებში მონაწილეობა და თავიანთი კლიენტების ინტერესების სათანადოდ წარმოჩენა. აღნიშნული, თავის მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს გაუთქვამს სახელს, როგორც საერთაშორისო ასპარეზისათვის კონკურენტუნარიანი იურისტების მოსამზადებელ სასწავლო დაწესებულებას.

ბანერები