სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი ჯესაპის თასის არბიტრი გახდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი გიორგი თუმანიშვილი, ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს. ჯესაპის საერთაშორისო შეჯიბრი მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო შეჯიბრად ითვლება იმიტირებულ სასამართლოებს შორის, რომელიც სათავეს 1963 წლიდან იღებს. ყოველწლიურად შეჯიბრში მონაწილეობის სურვილს 90 სახელმწიფოს 600-მდე სამართლის სკოლა გამოთქვამს. შეჯიბრი წარმოადგენს გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს წინაშე ორი სახელმწიფოს დავის სიმულაციას და ყოველწლიურად იმართება ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქი.

იმიტირებული სასამართლო პროცესი ჰიპოთეტური საქმის ირგვლივ ვითარდება, რომელიც საერთაშორისო საჯარო სამართლის საკითხებს ეხება და რომლის განხივლაც გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ ხორციელდება.

თითოეული გუნდი ჩვეულებისამებრ შედგება ხუთი მონაწილისაგან. ამასთანავე, თითოეულმა გუნდმა უნდა მოამზადოს მსჯელობა საქმის შესახებ, როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის პოზიციიდან. თითოეული ტურის განმავლობაში გუნდის ორი მონაწილე წარმოადგენს საქმის შემთხვევით შერჩეულ ერთ მხარეს.

ჯესაპის პოპულარობისა და პრესტიჟის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს იმ სტუდენტთა  შესაძლებლობები განაპირობებს, რომლებიც საერთაშორისო დონეზე იღებენ კონკურსებში მონაწილეობას. იმ დროისათვის, როდესაც გუნდი ფინალურ ეტაპზე გადადის, მონაწილეები უკვე კარგად არიან გათვიცნობიერებული საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებში ასევე, სტუდენტებს აქვთ, როგორც საერთაშორისო პრეცედენტული სამართლის, ასევე მიმდინარე მოვლენების ძალიან კარგი ცოდნა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კონკურსში სამართლის სკოლის დეკანის მოსამართლედ და ერთ-ერთ მთავარ შემფასებლად მონაწილეობა დიდი მნიშვნელობის მატარებელია არამარტო სამართლის სკოლის, არამედ უნივერსიტეტის სახელის საერთაშორისო ასპარეზზე გატანისთვის.

ბანერები