სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) კომერციული მედიაციის კონკურსის ფინალურ ეტაპზე

7-12 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართული კომერციული მედიაციის მეცხრე საერთაშორისო შეჯიბრში ღებულობდა მონაწილეობას.

შეგახსენებთ, ჩვენი სამართლის სკოლის გუნდი ფინალურ ეტაპზე ეროვნული შესარჩევი კონკურსის გამარჯვების შემდეგ გავიდა, რომელიც ამერიკის დახმარების ფონდის (USAID) პროექტის მიერ გახლდათ ორგანიზებული და მასში საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების სამართლის სკოლები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდის საერთაშორისო შეჯიბრზე გამგზავრება სწორედ მოცემულ კონკურსში საუკეთესოს ტიტულის მოპოვებამ განაპირობა.
 
პარიზში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები კომერციული მედიაციის იმიტირებულ პროცესებზე დაუპირისპირდნენ ევროპისა და მსოფლიოს უძველესი და ცნობილი ჰასტინგსის, ფლორენციის, მილანის და სან პაულუს უნივერსიტეტების სამართლის სკოლის სახელით მოასპარეზე სტუდენტებს. თითოეული მატჩი დაძაბულ ვითარებაში წარიმართა, კონკურსანტებმა მედიატორის დახმარებისა და მსაჯების წინაშე ერთმანეთი გამოსცადეს გამჭრიახობაში, სტრესულ სიტუაციაში კომუნიკაციის უნარში, დებატების წარმართვის ეთიკასა და რასაკვირველია ლინგვისტური ინტელექტის მაჩვენებლებში.

თითოეული დაპირისპირება კონკრეტულ უნივერსიტეტთან სპონტანურად საუკეთესო გადაწყვეტილებების და შეთავაზებების მოძებნის გარდა მოითხოვდა საერთაშორისო სავაჭრო პალატის მედიაციის წესების ცოდნასა და სკრუპულოზურ გაანალიზებას. გამარჯვების მიზნით სტუდენტები ცდილობდნენ დაეყოლიებინათ ერთმანეთი მათთვის ყველაზე ხელსაყრელი მორიგების პირობების მიღებაზე, რაც თავისთავად მოითხოვდა მხარისგან საკუთარი პოზიციის იმგვარად ფორმულირებას მოპაექრეს ეს მისთვის მისაღებ პირობადაც რომ მიეჩნია.

ტურნირის საბოლოო გამარჯვებული მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი გახდა, რომელიც ფინალში ავსტრალიის მონაშის გამოცდილ და ამ კონკურსის მრავალგზის გამარჯვებულ უნივერსიტეტს დაუპირისპირდა.

შეჯიბრზე მონაწილეობით ილიას უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა, რაც დაეხმარება მას სასწავლო კურიკულუმების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად განვითარებასა და საერთაშორისო ასპარეზზე თავის დამკვიდრებაში.

ბანერები