სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ვილემ ვისის (Willem C.Vis) სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობის მსურველთა შესარჩევ შიდა კონკურსს

2020-2021 

კონკურსში მონაწილეობის მსურველი სტუდენტების შერჩევის პროცესი შედგება შემდეგი ეტაპებისგან:

ეტაპი 1: სტუდენტებს მოეთხოვებათ მოკლე (მაქს. 2 გვერდი) მემორანდუმის დაწერა ქვემოთ მითითებულ ერთ-ერთ თემაზე:

 

  1. აღწერეთ საერთაშორისო არბიტრაჟში მოქმედ ნორმათა იერარქია (მაგ., იურიდიული უფლებამოსილება). წარმოადგინეთ თქვენ მიერ განმარტებული იერარქიის თეორიული დასაბუთება.
  2. დაასახელეთ დავების მოგვარების ძირითადი ტიპები. რით განსხვავდება არბიტრაჟი დავების მოგვარების სხვა მეთოდებისგან?
  3. განმარტეთ კეთილსინდისიერების ცნება გაერთიანებული ერების ,,საერთაშორისო ნასყიდობის ხელშეკრულებათა შესახებ“ კონვენციისა და ,,საერთაშორისო კომერციული ხელშეკრულებების უნიდროას პრინციპები“-ს მიხედვით.

ნაშრომების წარდგენის ვადა: 12 სექტემბერი, 2020 – 23:59

ნაშრომები უნდა გაიგზავნოს ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: 

leli.mumladze.1@iliauni.edu.ge 

ეტაპი 2: სტუდენტები ნამუშევრებს წარადგენენ შესარჩევი კომისიის წინაშე. ზეპირი წარდგენისთვის გამოყოფილია 10 წუთი. პრეზენტაციები გაიმართება 2020 წლის 16-23 სექტემბერს.

შესაბამისობის კრიტერიუმები:

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია სამართლის სკოლის ნებისმიერ (როგორც ბაკალავრიატის, ისე სამაგისტრო საფეხურის) სტუდენტს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ უმჯობესია, საერთაშორისო იმიტირებულ სასამართლო პროცესებში ჩაერთონ მე-3 და მე-4 კურსის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტები, ან მაგისტრანტები.
  • საგანთან დაკავშირებით წინასწარი ცოდნა სავალდებულო არ არის. მიუხედავად ამისა, სასურველია, სტუდენტებს გავლილი ჰქონდეთ საერთაშორისო არბიტრაჟის კურსი. 
  • ყველა გამოცხადებული კონკურსი ჩატარდება ინგლისურ ენაზე. შესაბამისად, მონაწილეებს მოეთხოვებათ ინგლისურის (როგორც წერილობითი, ისე ზეპირი) მაღალ დონზე ცოდნა.
  • იურიდიული პრაქტიკის ლიცენზიის მქონე სტუდენტები კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

გისურვებთ წარმატებას!   

საინფორმაციო ფურცელი

ვილემ ვისის (Willem C. Vis) სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესები (4 სტუდენტი)

ვილემ ვისის (Willem C. Vis) სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესები საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში (ასევე ცნობილი როგორც ,,ვენის იმიტირებული სასამართლო პროცესები“) სამართლის სტუდენტებისთვის შექმნილი შეჯიბრია, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 300-ზე მეტი უნივერსიტეტი მონაწილეობს.

,,ვენის იმიტირებული პროცესები“-ს მიზანია საერთაშორისო კომერციული სამართლისა და საარბიტრაჟო წესით საერთაშორისო დავების განხილვის სწავლების ხელშეწყობა. იმიტირებულ პროცესებზე განიხილება  გაეროს ,,საერთაშორისო ნასყიდობის ხელშეკრულებათა შესახებ" კონვენციის (CISG) ორ ხელმომწერ სახელმწიფოს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გამოყენებასთან დაკავშირებული დავა.

შეჯიბრი ორ ეტაპად ტარდება. პირველ ეტაპზე, რომელიც ოქტომბერ-იანვრის პერიოდში მიმდინარეობს, მონაწილეები ასრულებენ წერილობით დავალებას; ისინი ამზადებენ მემორანდუმებს მოსარჩელისა (დეკემბერი)  და შემდეგ მოპასუხის (იანვარი) პოზიციების შესაბამისად. მეორე, საბოლოო ეტაპზე, რომელიც მარტში და აპრილში გაგრძელდება, გაიმართება პროცესი, რომელშიც მონაწილეები დისტანციურად ჩაერთვებიან და ზეპირად წარადგენენ არგუმენტებს დანარჩენი ოთხი გუნდის წინააღმდეგ. 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://vismoot.pace.edu/

 

 

ბანერები