სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ჰუგო ზინსჰაიმერის იმიტირებული სასამართლო პროცესის 2022 წლის შეჯიბრში სტუდენტთა შესარჩევი ეროვნული კონკურსი

კონკურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს სტუდენტთა შესარჩევ ეროვნულ კონკურსს საქართველოს ეროვნული ნაკრების დასაკომპლექტებლად. ნაკრები მონაწილეობას მიიღებს ჰუგო ზინსჰაიმერის იმიტირებული სასამართლო პროცესის მეექვსე საერთაშორისო შეჯიბრებაში (19-21 ივნისი, 2022).

შეჯიბრების შესახებ:

ჰუგო ზინსჰაიმერის იმიტირებული სასამართლო პროცესების ყოველწლიური შეჯიბრება ევროპის კავშირის შრომის სამართალში დაარსდა ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელი სამართლის ხუთი პროფესორის, მათ შორის ქართველი პროფესორის, ინიციატივით. იმიტირებული სასამართლო პროცესის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტური გუნდები ერთმანეთს ეჯიბრებიან ევროპული კავშირის შრომის სამართლის აქტუალურ საკითხზე შედგენილ სიმულაციურ საქმესთან დაკავშირებით. შეჯიბრებას განსჯიან ევროპის წამყვანი შრომის სამართლის პროფესორები, პრაქტიკოსი ადვოკატები და მოქმედი მოსამართლეები წევრი სახელმწიფოებიდან და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოდან. დეტ. იხ. https://bit.ly/3eKTHNP

საქართველო ევროკავშირის ერთადერთი არაწევრი ქვეყანაა, რომლის ეროვნული ნაკრებიც დაშვებულია ამ შეჯიბრებაზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს გუნდი გახდა კასინოს უნივერსიტეტში (იტალია) ჩატარებული 2018 წლის შეჯიბრების გამარჯვებული, ხოლო საქართველოს გუნდის წარმომადგენელი – ჰასელტის უნივერსიტეტში (ბელგია) ჩატარებული 2019 წლის შეჯიბრების საუკეთესო სპიკერი. მე-5 საიუბილეო შეჯიბრებას უმასპინძლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ. მე-6 შეჯიბრებას მასპინძლობს ლისაბონი (ლისაბონის უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი), თუმცა ახალი კორონავირუსის COVID-19-ის გავრცელების გამო ევროპაში მგზავრობასა თუ შეკრებასთან დაკავშირებით იმ დროისთვის მოქმედი შესაძლო შეზღუდვებიდან გამომდინარე შეჯიბრება შესაძლოა ჩატარდეს დისტანციურად ონლაინპლატფორმის გამოყენებით.

2022 წლის შეჯიბრების სიმულაციური საქმის თემატიკაა თანაბარი ანაზღაურება, სექსუალური ხასიათის შევიწროება და საწარმოთა გადაცემა.

მონაწილეობის წინაპირობები:

სტუდენტთა შესარჩევ ეროვნულ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს აკრედიტებულ უმაღლესი განათლების დაწესებულებათა სამართლის სკოლების მაგისტრატურის სტუდენტებს, ასევე ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს. როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის პირობაა, რომ სტუდენტი არ უნდა იყოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

დაინტერესებულმა სტუდენტმა არა უგვიანეს 2022 წლის 20 იანვრისა ელექტრონული ფოსტით მისამართზე lawfaculty@iliauni.edu.ge უნდა გამოგზავნოს რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე.

სტუდენტთა ინდივიდუალური შესარჩევი კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • წარმოდგენილ რეზიუმესა (CV) და სამოტივაციო წერილის შეფასებას;
  • ჰუგო ზინსჰაიმერის იმიტირებული სასამართლო პროცესის საერთაშორისო შეჯიბრებისა და, ზოგადად, ევროპის კავშირის შრომის სამართლის შესახებ ტრენინგი შესარჩევი კონკურსის გასაუბრების ეტაპზე გადასული სტუდენტებისთვის (საჭიროებიდან გამომდინარე); 
  • შემდგომ ეტაპზე გადასულ სტუდენტთან ინდივიდუალური გასაუბრება;*
  • გასაუბრების საფუძველზე ეროვნული კონკურსის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობისათვის 8 სტუდენტის შერჩევა;
  • ფინალურ ეტაპზე გადასულ 8 სტუდენტს შორის მოსამზადებელი იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრება ევროპული კავშირის შრომის სამართალში;
  • მოსამზადებელი იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრების შედეგად ინდივიდუალურ საწყისებზე შეფასებული საუკეთესო 4 სტუდენტით საქართველოს ეროვნული ნაკრების დაკომპლექტება.
*გასაუბრება გაიმართება მხოლოდ იმ სტუდენტებთან, რომლებიც წარმოდგენილი რეზიუმესა (CV) და სამოტივაციო წერილის შედეგად წარმატებით გაივლიან შერჩევის პირველ ეტაპს.
 
2021 წელი
ბანერები