სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ჰუგო ზინსჰაიმერის იმიტირებული სასამართლო პროცესის 2020 წლის შეჯიბრში სტუდენტთა შესარჩევი ეროვნული კონკურსი

კონკურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა USAID-თან თანამშრომლობით და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროექტის მხარდაჭერით აცხადებს სტუდენტთა შესარჩევ ეროვნულ კონკურსს საქართველოს ეროვნული ნაკრების დასაკომპლექტებლად, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ჰუგო ზინსჰაიმერის იმიტირებული სასამართლო პროცესის რიგით მეხუთე საერთაშორისო შეჯიბრში (18-20 ივნისი, 2020, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, თბილისი). 

შეჯიბრის შესახებ: 

ევროპის კავშირის შრომის სამართალში ჰუგო ზინსჰაიმერის იმიტირებული სასამართლო პროცესების ყოველწლიური შეჯიბრი დაარსდა ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელი, სამართლის ხუთი პროფესორის, მათ შორის ქართველი პროფესორის, ინიციატივით. იმიტირებული სასამართლო პროცესის ფარგლებში სტუდენტური გუნდები სხვადასხვა ქვეყნიდან ეჯიბრებიან ერთმანეთს ევროპული კავშირის შრომის სამართლის აქტუალურ საკითხზე შედგენილ სიმულაციურ საქმესთან დაკავშირებით. შეჯიბრს განსჯიან ევროპის მასშტაბით წამყვანი შრომის სამართლის პროფესორები, პრაქტიკოსი ადვოკატები და მოქმედი მოსამართლეები, წევრი სახელმწიფოებიდან და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოდან. დეტ. იხ.: http://bit.ly/2PRShVQ. საქართველო არის ევროკავშირის ერთადერთი არაწევრი ქვეყანა, რომლის ეროვნული ნაკრებიც დაშვებულია აღნიშნულ შეჯიბრზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს გუნდი გახდა კასინოს უნივერსიტეტში (იტალია) ჩატარებული 2018 წლის შეჯიბრის გამარჯვებული, ხოლო საქართველოს გუნდის წარმომადგენელი გახდა ჰასელტის უნივერსიტეტში (ბელგია) ჩატარებული 2019 წლის შეჯიბრის საუკეთესო სპიკერი. 2020 წლის მე-5 საიუბილეო შეჯიბრის მასპინძელია: თბილისი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა. 

2020 წლის შეჯიბრის სიმულაციური საქმის თემატიკაა დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით, „მობილური“ დასაქმებული, დასვენების დრო და კოლექტიური ხელშეკრულების გავრცელება თვით-დასაქმებულებზე. 

მონაწილეობის წინაპირობები: სტუდენტთა შესარჩევ ეროვნულ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში არსებულ აკრედიტებულ უმაღლესი განათლების დაწესებულებათა სამართლის სკოლების მაგისტრატურის და ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს. როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის პირობაა, რომ სტუდენტი არ უნდა იყოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 

დაინტერესებულმა სტუდენტმა არაუგვიანეს 2020 წლის 20 იანვრისა ელექტრონული ფოსტით მისამართზე lawfaculty@iliauni.edu.ge, უნდა გამოაგზავნოს საკუთარი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე. 

სტუდენტთა ინდივიდუალური შესარჩევი კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • წარმოდგენილი რეზიუმესა (CV) და სამოტივაციო წერილის შეფასება;
  • ჰუგო ზინსჰაიმერის იმიტირებული სასამართლო პროცესის საერთაშორისო შეჯიბრებისა და ზოგადად, ევროპის კავშირის შრომის სამართლის შესახებ ტრენინგი შესარჩევი კონკურსის გასაუბრების ეტაპზე გადასული სტუდენტებისთვის;
  • შემდგომ ეტაპზე გადასულ სტუდენტთან ინდივიდუალური გასაუბრება;
  • გასაუბრების საფუძველზე ეროვნული კონკურსის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობისათვის 8 სტუდენტის შერჩევა;
  • ფინალურ ეტაპზე გადასულ 8 სტუდენტს შორის მოსამზადებელი იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრი ევროპული კავშირის შრომის სამართალში; 
  • გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ იმ სტუდენტებთან, რომლებიც წარმოდგენილი რეზიუმესა (CV) და სამოტივაციო წერილის შედეგად წარმატებით გაივლიან შერჩევის პირველ ეტაპს. 

მოსამზადებელი იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრის შედეგად ინდივიდუალურ საწყისებზე შეფასებული საუკეთესო 4 სტუდენტით საქართველოს ეროვნული ნაკრების დაკომპლექტება. 

2019 წელი

 

ბანერები