სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ჰუგო ზინსჰაიმერის იმიტირებული სასამართლო პროცესების 2018 წლის შეჯიბრებაში სტუდენტთა შესარჩევი ეროვნული კონკურსი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროექტის მხარდაჭერით აცხადებს სტუდენტთა შესარჩევ ეროვნულ კონკურსს საქართველოს ეროვნული ნაკრების დასაკომპლექტებლად, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ჰუგო ზინსჰაიმერის იმიტირებული სასამართლო პროცესის მესამე საერთაშორისო შეჯიბრებაში (16-17 ივნისი, 2018, კასინოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, ქ. კასინო, იტალია).

შეჯიბრების შესახებ:

ევროპის კავშირის შრომის სამართალში ჰუგო ზინსჰაიმერის  იმიტირებული  სასამართლო  პროცესების  ყოველწლიური შეჯიბრება დაარსდა  ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელი სამართლის ხუთი პროფესორის, მათ შორის ქართველი პროფესორის, ინიციატივით. იმიტირებული სასამართლო პროცესის ფარგლებში სტუდენტური გუნდები სხვადასხვა ქვეყნიდან ერთმანეთს ეჯიბრებიან ევროპული კავშირის შრომის სამართლის აქტუალურ საკითხზე შედგენილ სიმულაციურ საქმესთან დაკავშირებით. შეჯიბრებას განსჯიან ევროპის წამყვანი შრომის სამართლის პროფესორები, პრაქტიკოსი  ადვოკატები  და მოქმედი მოსამართლეები წევრ-სახელმწიფოებიდან და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოდან. დეტ. იხ.: http://hsi.uva.nl/en/hs-mcc/hs-mcc.html; https://www.facebook.com/hugosinzheimermcc/. საქართველო არის ევროკავშირის ერთადერთი არაწევრი ქვეყანა, რომლის ეროვნული ნაკრებიც დაშვებულია აღნიშნულ შეჯიბრებაზე.

 2018 წლის შეჯიბრების სიმულაციური საქმის თემატიკაა შრომითი დისკრიმინაცია და სამუშაო ადგილზე პირადი მიმოწერის დაცვა.

მონაწილეობის წინაპირობები:

სტუდენტთა შესარჩევ ეროვნულ კონკურსში მონაწილეობა  შეუძლიათ საქართველოში არსებულ აკრედიტებულ უმაღლესი განათლების დაწესებულებათა სამართლის სკოლების მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.

დაინტერესებულმა სტუდენტმა არაუგვიანეს 2018 წლის 15 იანვრის 18:00 საათისა ელექტრონული ფოსტით მისამართზე  lawfaculty@iliauni.edu.ge  უნდა გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე.

 სტუდენტთა ინდივიდუალური შესარჩევი კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

–       წარმოდგენილი რეზიუმესა (CV) და სამოტივაციო წერილის შეფასება;

–       შემდგომ ეტაპზე გადასულ სტუდენტთან ინდივიდუალური გასაუბრება;[1]

–       გასაუბრების საფუძველზე ეროვნული კონკურსის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობისათვის 8 სტუდენტის შერჩევა;

–       ჰუგო ზინსჰაიმერის იმიტირებული სასამართლო პროცესის საერთაშორისო შეჯიბრებისა და, ზოგადად, ევროპის კავშირის შრომის სამართლის შესახებ ტრენინგი შესარჩევი კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადასული 8 სტუდენტისთვის;

–        ფინალურ ეტაპზე გადასულ 8 სტუდენტს შორის მოსამზადებელი იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრება ევროპული კავშირის შრომის სამართალში; 

–        მოსამზადებელი იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრების შედეგად ინდივიდუალურ საწყისებზე შეფასებული საუკეთესო 4 სტუდენტით საქართველოს ეროვნული ნაკრების დაკომპლექტება.


*გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ იმ სტუდენტებთან, რომლებიც წარმოდგენილი რეზიუმესა (CV) და სამოტივაციო წერილის შედეგად წარმატებით გაივლიან შერჩევის პირველ ეტაპს.

ბანერები