სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

დიალოგი სოკრატეს მეთოდით: „როგორ იცავს ქალებს კანონი?“

ღონისძიებები

16 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების ორგანიზებით და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) მხარდაჭერით გაიმართება დიალოგი სოკრატეს მეთოდით თემაზე: როგორ იცავს ქალებს კანონი?

მონაწილეები:

თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პარლამენტთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე;

დეა გოშხეთელიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მე-4 კურსის სტუდენტი.

დიალოგის საკითხებია:

  • ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისა და მისი თავიდან აცილებისთვის რა  საკანონმდებლო და ინსტიტუციური მექანიზმები გვაქვს?
  • რა როლი აქვს და რამდენად ეფექტურად ასრულებს მას გენდერული თანასწორობის  საბჭო?
  • რამდენად ეფექტურია საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის საპარლამენტო კონტროლი გენდერული თანასწორობის სფეროში?
  • რა პროგრამები შეიძლება დაინერგოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისა და მისი თავიდან აცილებისთვის?
  • რამდენად სრულყოფილი და საკმარისია ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის დღეს არსებული სერვისები? რას სჭირდება გაუმჯობესება და როგორ? რა სტრატეგია და გეგმა აქვს სახელმწიფოს?

თამარ ჩუგოშვილი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე –  პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საბჭოს ხელმძღვანელობს. საბჭო ხელს უწყობს საქართველოს პარლამენტის მიერ გენდერული თანასწორობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრას. ის პასუხისმგებელია გენდერული თანასწორობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შექმნასა და განვითარებაზე. საბჭო აგრეთვე უზრუნველყოფს გენდერული თანასწორობის საკითხებზე საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლს.

დიალოგი სოკრატეს მეთოდით სამართლის სწავლების ცნობილი მეთოდია. ტრადიციული სწავლების გამოცდილებისგან განსხვავებით დიალოგში ყველა მხარე მონაწილეობს და სტუდენტები კითხვებს უსვამენ როგორც მასწავლებლებს, ასევე ერთმანეთს. სოკრატესეული დიალოგის მეთოდი ეფუძნება იმ დაშვებას, რომ აზროვნება წინ მიჰყავს შეკითხვებს და არა პასუხებს. სწორედ კითხვები გვაიძულებს, დავინახოთ საკითხების სიღრმე და კომპლექსურობა და, შესაბამისად, გვეხმარება სრულფასოვანი დასკვნების გამოტანაში. არსებობს სოკრატესეული დიალოგის სხვადასხვა ტიპი. კრიტიკული აზროვნების მეთოდის მეშვეობით დასმული კითხვები ამოწმებს მონაწილეთა ღირებულებებს, პრინციპებსა და რწმენის საფუძვლებს და ქმნის ე.წ. „პროდუქტიულ დისკომფორტს“. კრიტიკული აზროვნების მეთოდით გამართული დიალოგი გვეხმარება იმ ადამიანური კონტექსტის ანალიზში, რომლის დროსაც აზრები წარმოიშობა და, შესაბამისად, გამოიყენება არა მხოლოდ ფაქტების დასადგენად, არამედ საკითხის სირთულის, კომპლექსურობისა და გაურკვევლობის გამოსავლენად.

დრო: 16 თებერვალი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები