სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ჭავჭავაძის პროფესიული ეთიკისა და ადვოკატირების შეჯიბრება

27 აპრილს გაიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მიერ ორგანიზებული ჭავჭავაძის პროფესიული ეთიკისა და ადვოკატირების შეჯიბრების საჯარო პრეზენტაცია, რომელიც სამართლის სკოლის დეკანმა ირაკლი ფორჩხიძემ გახსნა. სიტყვით გამოვიდნენ საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი კრისტინა რობერტსი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარე გია ტაბლიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი იზაბელ შრანკი და კონსტიტუციური კვლევების ცენტრის დირექტორი გიორგი მელაძე.

შეჯიბრება, რომელიც მიზნად ისახავდა იურისტებისთვის პროფესიული ეთიკის სწავლების პოპულარიზაციას საქართველოში, 29 აპრილს დასრულდა. გამოვლინდა პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე ადგილზე გასული გუნდები:

I ადგილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი: ელისაბედ შენგელია, სოფიკო წიკლაური;

II ადგილი – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი: გვანცა გოგსაძე, თამთა თინაშვილი, გიორგი შალამბერიძე;

III ადგილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი: თამარ ჟვანია, მარიამ ჯაყელი, ნიკა ჯგერენაია;

IV ადგილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი: გიორგი გოგოხია, ლევან გიორგობიანი, თამარ ენუქიძე.

პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცათ თასები, I ადგილზე გასული, გამარჯვებული, გუნდის თითოეულ წევრს – წიგნის სახლ „ლიგამუსის“ 60-ლარიანი ვაუჩერი, ხოლო შეჯიბრების ფინალური ტურების ყველა მონაწილეს (7 გუნდს) – სერტიფიკატები.

სულ რეგისტრაცია გაიარა 20-მა გუნდმა, რომლებიც წარმოადგენდნენ: ბათუმის, ქუთაისის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, შავი ზღვისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებს. ვულოცავთ გამარჯვებულ გუნდებს და მადლობას ვუხდით ყველა მონაწილე სტუდენტს.

ეთიკის თემაზე სტუდენტური შეჯიბრების ჩატარების იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არჩევით საგნად პროფესიული ეთიკის სწავლება დაიწყო. მიუხედავად თემის აქტუალობისა, ძალიან ცოტაა ინიციატივა და ღონისძიება, რომელიც სტუდენტებს შორის ეთიკურ საკითხებზე დებატსა და კრიტიკულ განხილვებს წაახალისებდა. ჩვენი შეჯიბრების მიზანიც სწორედ ეს გახდა - პროფესიული ეთიკის თემაზე დისკუსიის ინიცირება, ამ საკითხის პოპულარიზაცია სამართლის სკოლაში და ეთიკის თემაზე სხვადასხვა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავება.

შეუძლებელი იქნებოდა ღონისძიების წარმატებით ჩატარება, რომ არა იმ ადამიანების დრო, და ენერგია, რომლებიც დაგვეხმარნენ როგორც ღონისძიების მომზადებაში, ისე მის ჩატარებაში.

განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელს, კრისტინა რობერტსს, რომელმაც ღონისძიების საჯარო პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა. მან გამოსვლაში ხაზი გაუსვა როგორც პროფესიული ეთიკის პოპულარიზაციის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, ისე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შორის არსებულ თანამშრომლობას.

ღონისძიებამ შესაძლებლობა მოგვცა, გვეთანამშრომლა გამოცდილ პროფესიონალებთან, რომელთა ძალისხმევისა და დახმარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა დასახული მიზნის მიღწევა.

დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ იურისტებს – ნინო ცუხიშვილსა და დავით კვაჭანტირაძეს. მათი დახმარებით შევძელით შეჯიბრების პირველ ეტაპზე წარმოდგენილი წერილობით ნაშრომების შეფასება.

შეუძლებელი იქნებოდა ზეპირი მოსმენების ჩატარება მსაჯებად მონაწილე შემდეგი იურისტების დახმარების გარეშე: ნატა წნორიაშვილი, ტატა პატარაია, ანა ლორია, სოფო წაქაძე, თამარ ხუბულური, ირაკლი კორძახია, თამარ გურჩიანი და თამარ კორძაია. მათი გულითადი დამოკიდებულება და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, რამაც შესაძლებელი გახადა გუნდების ობიექტური შეფასება, განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს.

მადლობას ვუხდით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელ ქეთევან თურაზაშვილსა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე გია ტაბლიაშვილს. იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში შევძლებთ გავაღრმაოთ თანამშრომლობა პროფესიული ეთიკის პოპულარიზაციის მიმართულებით.

და ბოლოს: განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორის, იზაბელ შრანკის წვლილი, რომლის მცდელობითა და ავტორობითაც დავიწყეთ აღნიშნული ღონისძიების დაგეგმვა და შევძელით საბოლოოდ განხორციელება.

იმედია, შეჯიბრება ტრადიციულ სახეს მიიღებს და კვლავაც მოუყრის თავს სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს.

ბანერები