სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

Amicus Curiae

ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კლინიკამ თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლოს მეგობრის მოსაზრება (Amicus Curiae) წარადგინა

ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კლინიკამ თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლოს მეგობრის მოსაზრება (Amicus Curiae) წარადგინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისა და ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი პრაქტიკის გათვალისწინებით. დოკუმენტის უმთავრესი მიზანია, დაეხმაროს სასამართლოს იმ რთული და მრავალკომპონენტიანი სამართლებრივი სტანდარტების განმარტებასა და გამოყენებაში, რომლებიც დაკავშირებულია მსხვილი კომპანიების საჯარო პირად მიჩნევასთან და მათ მიმართ გამოხატვის თავისუფლების ფარგლების განსაზღვრასთან.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრება არ ემსახურება რომელიმე მხარის სუბიექტური პოზიციის მხარდაჭერას. იგი მიზნად ისახავს ეროვნული და საერთაშორისო პრეცედენტული სამართლის, ასევე სამეცნიერო-დოქტრინალური მიდგომების სინთეზირებას, რათა სასამართლოს მიეწოდოს სიღრმისეული ანალიზი საჯარო პირის თმენის ვალდებულებასა და ე.წ. „მსუსხავი ეფექტის“ პრევენციის აუცილებლობის შესახებ.


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კლინიკამ და საჯარო სამართლის და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა 2026 წლის 30 ივნისს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტს (UN Human Rights Committee) წარუდგინეს ანგარიში, რომელიც მიზნად ისახავდა კომიტეტის მიერ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პრაქტით გათვალისწინებული გაერთიანების თავისუფლების შესახებ №38 ზოგადი კომენტარის შემუშავებისთვის საქართველოში არსებული საკანონმდებლო რეგულირებისა და პრაქტიკის გაზიარებას.

ანგარიში საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, პროფესიული კავშირების, პოლიტიკური პარტიებისა და არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციების მაგალითებზე მიმოიხილავს მათ მიერ გაერთიანების თავისუფლების უფლების რეალიზების ფარგლებს, არსებულ საკანონმდებლო რეგულირებას, პრაქტიკას და იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ზოგადი კომენტარის მომზადებისას უნდა გაითვალისწინოს.

ანგარიში ასევე მოიცავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, ვენეციის კომისიის (ევროპული კომისია სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად), ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR), გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს და გენერალური ასამბლეისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების/ინსტიტუტების მნიშვნელოვან განმარტებებს გაერთიანების თავისუფლების შესახებ. ადამიანის უფლებათა კლინიკის მიერ წარდგენილი სრული ანგარიში ხელმისაწვდომია დანართში.




ბანერები