საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ცენტრისა და ილიაუნის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ტრენინგი სუბოტინის გეოფიზიკის ინსტიტუტის სეისმური საფრთხის განყოფილებისთვის

ღონისძიებები

უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სუბოტინის გეოფიზიკის ინსტიტუტის სეისმური საფრთხის განყოფილება აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის, ლორენს ლივერმორის ნაციონალური ლაბორატორიის (LLNL), მიჩიგანის უნივერსიტეტისა (MSU) და EarthScope კონსორციუმის (EarthScope) მხარდაჭერითა და თანამშრომლობით გეგმავს ეროვნული სეისმური ქსელის გაფართოებას, რაც გულისხმობს მუდმივი ფართოსპექტრიანი სეისმური სადგურების ინსტალაციას უკრაინის ტერიტორიაზე.

პროექტი, ცნობილი, როგორც „უკრაინის სეისმური ქსელის გაფართოება და მოდერნიზაცია“ (SNEMU), მიზნად ისახავს რეგიონული სეისმური ქსელის დაფარვის გაუმჯობესებას საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისთვის უცნობი ახალი სადგურებიდან მაღალი ხარისხის მონაცემების რეალურ დროში ხელმისაწვდომობის გზით. SNEMU-ის ეფექტიანობის მაქსიმალურად გაზრდისთვის ახალი სეისმური სადგურების ინსტალაციისას საწყის ეტაპზე ადგილის შერჩევის, მომზადებისა და დამონტაჟების დროს აუცილებელია არაერთი ფაქტორის გათვალისწინება. ნებისმიერი სეისმური ქსელის ახალი სადგურის ადგილმდებარეობის შერჩევის დროს ერთ-ერთი გადამწყვეტი კომპონენტია პოტენციურ უბნებზე სეისმური ხმაურის დონის შეფასება.

პროექტის ამ მნიშვნელოვანი საკითხის გადასაწყვეტად უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ცენტრმა (STCU) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (ISU) დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტსა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით STCU-ის სეისმური მიზნობრივი კვლევითი პროგრამის ფარგლებში 26 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით თბილისში სუბოტინის გეოფიზიკის ინსტიტუტის სეისმური საფრთხის განყოფილებისთვის გამართა კომპლექსური ტრენინგი. LLNL-ის, MSU-ისა და EarthScope-ის ექსპერტ-მკვლევრებმა ლექციებსა და ტრენინგ-სესიებზე აუდიტორიას ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს და სეისმური კვლევის სფეროს უახლესი მეთოდები გააცნეს.

მოსამზადებელი პროგრამის მთავარი მიზანია, უკრაინელი ექსპერტები აღჭურვოს ხმაურის დონის ეფექტური კვლევისთვის საჭირო ცოდნითა და უნარებით. ტექნიკურ მეთოდებს დაუფლებულნი ისინი შეძლებენ SNEMU-ის პროექტის პოტენციური უბნების შეფასებას და მუდმივი სადგურების ადგილმდებარეობის დროულად განსაზღვრას.

პროგრამით მიღებული ცოდნა და გამოცდილება გაზრდის ნდობას, რომ SNEMU-ის სადგურები უზრუნველყოფს სტაბილური და უტყუარი ჩანაწერების რეგისტრაციას გონივრულ ვადაში გონივრულ ფასად. უკრაინული სეისმური ქსელის ამ ნაბიჯებით გაძლიერება ქვეყანას საშუალებას მისცემს, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს სეისმური საფრთხის შემცირებისა და კონტროლის უნარი, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება მოქალაქეებისა და რეგიონის მოსახლეობის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე.

STCU-ი რჩება სეისმური კვლევის სფეროში სამეცნიერო თანამშრომლობისა და ცოდნის გაზიარების ხელშემწყობ ორგანიზაციად. საერთაშორისო ინსტიტუტებთან პარტნიორობითა და მათი მხარდაჭერით უკრაინა განაგრძობს მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევას სამეცნიერო პოტენციალისა და სეისმური კვლევებისა და მონიტორინგის მიმართულების კუთხით და წვლილი შეაქვს მსოფლიო მასშტაბით. 

2023

ბანერები