საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საერთაშორისო ვორკშოფი „კლიმატის ცვლილება და ადამიანი-გარემოს ურთიერთქმედება კავკასიაში: გეო-ბიო-არქეოლოგიური და წყაროთმცოდნეობითი პერსპექტივიდან"

ღონისძიებები

1-2 დეკემბერს პარიზში გაიმართება საერთაშორისო ვორკშოპი „კლიმატის ცვლილება და ადამიანი-გარემოს ურთიერთქმედება კავკასიაში გეობიოარქეოლოგიური და წყაროთმცოდნეობითი პერსპექტივიდან".

მისი მასპინძელია École Normale Supérieure ( Department of Classics, Training center on environment and society და Archeology & Philology of the East and West - CNRS.), ორგანიზატორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მიხეილ ელაშვილი და პროფესორი ანკა დანი. ღონისძიების მხარდაჭერას უზრუნველყოფს ევროკავშირის გრანტი ქართველი მკვლევრებისთვის.

კავკასიონი ძველი ვულკანებითა (ევროპის უმაღლესი მწვერვალის, იალბუზის, ჩათვლით (5642 მ) და ევრაზიის აუზით არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რეგიონია თავისი ბუნებრივი რესურსებით (ლითონებით, მინერალებით, ხით და ა. შ.), არამედ ჩვენი ეკოსისტემების ჯანმრთელობის უზარმაზარი ბუნებრივი ობსერვატორიაა. კავკასიონის მყინვარები განსაკუთრებით მგრძნობიარეა მიმდინარე დათბობის მიმართ: ისინი ყოველწლიურად კარგავენ მთლიანი მასის 0,7-დან 1%-მდე.

მყინვარების დაჩქარებული დნობა და მუდმივი მზრალობის დაკარგვა გრუნტში იწვევს მყისიერ და შორეულ კატასტროფებს. გასულ ათწლეულებში ღვარცოფმა და ყინულის ზვავებმა გაანადგურა კრიტიკული ინფრასტრუქტურა და დასახლებები, შეცვალა მდინარეების დინება, ხელი შეუწყო შავი და კასპიის ზღვების დონის აწევას.

მყინვარების სრულ დადნობას (დაახლოებით 2050 წელს) ექნება უპრეცედენტო შედეგები, ვინაიდან კავკასიონი მიმდებარე დაბლობებისა და ხეობებისთვის მთავარ ჰიდრორესურსს წარმოადგენს მთელი ჰოლოცენის პერიოდში. გაძლიერდება მთიანი და სტეპური რეგიონების გაუდაბნოება, შესაძლოა გაქრეს მყინვარული ტბები, შემცირდეს წყალსაცავების ზომა. ეს ყველაფერი აისახება ბიომრავალფეროვნებასა და ბუნებრივ რესურსებზე.

წარსულში გარემოს ცვლილებების, ადამიანის გავლენისა და ამ ცვლილებებთან ადაპტაციის შესწავლა მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის აღნიშნული პროცესების ბუნების გასაგებად, სამომავლო სცენარების პროგნოზირებისა და მომავალი მდგრადი განვითარების გზების შესამუშავებლად.

დასწრება შესაძლებელია ონლაინ.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ბმულებზე:

2023

 

ბანერები