საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

რაინერ ბუსმანი ეთნოფარმაკოლოგის საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი რაინერ ბუსმანი წლის ეთნოფარმაკოლოგის საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. თბილისი, 21 მარტი 2022 წ.საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ეთნობოტანიკის განყოფილების ხელმძღვანელი, ეთნობოტანიკის პროფესორი, დოქტორი რაინერ ბუსმანი ეთნოფარმაკოლოგიის დარგში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ინდოეთის ეთნოფარმაკოლოგიური საზოგადოების 2022 წლის საერთაშორისო ჯილდოს (SFE –Outstanding International Ethnopharmacologist Award – 2022) მფლობელი გახდა.

ჯილდოს გადაცემის ცერემონია შედგება ინდოეთის ეთნოფარმაკოლოგიური საზოგადოების მაისურის (კარნატაკა, ინდოეთი) ყოველწლიურ შეხვედრასა და სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც გაიმართება ვირტუალურად 2022 წლის 22 აპრილს.

ეთნოფარმაკოლოგია ეთნობოტანიკისა და ფარმაკოლოგიის დარგია, რომელიც ორიენტირებულია სამკურნალო ნივთიერებებისა (განსაკუთრებით მცენარეული წარმოშობის) და მათი გამოყენების შესახებ ტრადიციულ ცოდნასა და წეს-ჩვეულებებზე. იგი მოიცავს ტრადიციულ ეთნობოტანიკას, ტრადიციული სამკურნალო ნივთიერებების თანამედროვე სამეცნიერო და კლინიკურ კვლევებს და ამ ნივთიერებების ხარისხის კონტროლს.

– მოხარული ვარ, აღვნიშნო თქვენი მნიშვნელოვანი წვლილი ეთნოფარმაკოლოგიისა და სამკურნალო მცენარეების კვლევაში. ყოველწლიურ ნომინაციაში წარდგენილი თქვენი კანდიდატურისა და ამ დარგში თქვენ მიერ შეტანილი განსაკუთრებული წვლილის გათვალისწინებით ინდოეთის ეთნოფარმაკოლოგიის საზოგადოება სიხარულით გადმოგცემთ პრანაბ ბანერჯის სახელობის ჯილდოს ეთნოფარმაკოლოგიის დარგში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის (SFE-Outstanding International Ethnopharmacologist Award – 2022 - Pranab Banerji Memorial Award), – წერს პროფესორი ბირენდრა კუმარ სარკარი, ინდოეთის ეთნოფარმაკოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტი.

პროფესორმა რაინერ ბუსმანმა ბიოლოგიის მაგისტრის ხარისხი 1993 წელს მიიღო ტუბინგენის უნივერსიტეტში, ხოლო დოქტორის ხარისხი 1994 წელს დაიცვა ბაიროითის უნივერსიტეტში. იგი არის ეთნობოტანიკოსი და მცენარეთა ეკოლოგი, ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის ეთნობოტანიკის დეპარტამენტის თანადამფუძნებელი, ხელმძღვანელი და სრული პროფესორი.

საქართველოში ჩამოსვლამდე დოქტორი ბუსმანი იყო მისურის ბოტანიკური ბაღის უილიამ ბრაუნის ცენტრის დირექტორი, უილიამ ბრაუნის ცენტრის ეკონომიკური ბოტანიკის კურატორი და უფროსი კურატორი. მანამდე ეკავა სხვადასხვა აკადემიურ პოზიცია, კერძოდ: 2006-2007 წლებში იყო გეოგრაფიისა და გარემოს მკვლევარი, მეცნიერ-თანამშრომელი ოსტინის ტეხასის უნივერსიტეტში, 2003-დან 2006 წლამდე იყო ბოტანიკის ასოცირებული პროფესორი და ჰავაის უნივერსიტეტის ჰაროლდ ლიონის დენდრარიუმის სამეცნიერო დირექტორი, 1997 – 2003 წწ. – ასისტენტ-პროფესორი ბაიროითის უნივერსიტეტში, ხოლო 1994-1997 წლებში – პოსტდოკი იმავე უნივერსიტეტში. ის არის სხვადასხვა კოლეგიის წევრი და მოწვეული სამეცნიერო ხელმძღვანელი მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. მისი ინტერესის სფერო მოიცავს ეთნობოტანიკურ კვლევებსა და ტრადიციული ცოდნის შენარჩუნებას ანდების, კავკასიისა და ჰიმლაიას მთებში. დოქტორი ბუსმანი 330-ზე მეტი რეცენზირებული სამეცნიერო ნაშრომისა და 1200-ზე მეტი რეცენზირებული წიგნის თავის ავტორი, ასევე 38 წიგნის ავტორი ან რედაქტორია.

სტენფორდის უნივერსიტეტის მიხედვით, დოქტორი ბუსმანი ერთ-ერთი ყველაზე რეცენზირებადი ეთნობოტანიკოსია მსოფლიოში და შედის მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი მეცნიერების 2%-ში. იგი არის ბოტანიკის საზოგადოების ყოფილი პრეზიდენტი, სხვადასხვა წლებში იყო ეთნოფარმაკოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების, ეთნობოტანიკის საზოგადოების, ამერიკის ბოტანიკური საზოგადოებისა და ეთნობიოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების საბჭოს წევრი. ეს ჯილდო მანამდე მიღებული აქვთ ისეთ მეცნიერებს, როგორებიც არიან: მაიკლ ჰაინრიხი, დოქტორი, ფარმაკოგნოზიის პროფესორი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში; ჯეფრი კორდელი, დოქტორი, ილინოის-ჩიკაგოს უნივერსიტეტის ფარმაკოგნოზიის პროფესორი და რობერტ ვერპურტე, დოქტორი, ლაიდენის უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი.

ინდოეთის ეთნოფარმაკოლოგიური საზოგადოების (SFE-India) შესახებ

ინდოეთის ეთნოფარმაკოლოგიური საზოგადოება ემსახურება ეთნოფარმაკოლოგიური და სამედიცინო მცენარეების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. ადგილობრივი ცოდნის გლობალიზაციისა და გლობალური ტექნოლოგიების ლოკალიზაციის მისიის შესაბამისად, ინდოეთის ეთნოფარმაკოლოგიური საზოგადოება (SFE-India) ცდილობს ხელი შეუწყოს ცოდნის გაზიარებას მკვლევართა ჯანდაცვის პრაქტიკოსებსა და გადაწყვეტილების მიმღებებს შორის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ეთნოფარმაკოლოგიისა და სამკურნალო მცენარეების პოპულარიზაციით.

2022 წელი

ბანერები