საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროფესორ თეიმურაზ ზაქარაშვილის სტატია მზის აქტიურობის ციკლების ახსნის შესახებ ასტრონომიისა და ასტროფიზიკის მაღალრეიტინგულ ევროპულ ჟურნალში

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა თეიმურაზ ზაქარაშვილმა ამერიკელ კოლეგებთან ერთად მზის წიაღში აღმოაჩინა ახალი ტიპის ტალღები, რომლებიც კონვექციისა და ბრუნვის ურთიერთკავშირის შედეგად წარმოიქმნება. ამ ტალღებით იხსნება მზის  აქტიურობის ციკლები, რაც მზის ფიზიკაში სამეცნიერო გარღვევას წარმოადგენს.

მზე დიდ გავლენას ახდენს დედამიწის ატმოსფეროსა და ჩვენი ცივილიზაციის სამეცნიერო-ტექნიკურ განვითარებაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანთება და კორონული მასის ამოფრქვევები, რომლებიც მზის ატმოსფეროში მაგნიტური ენერგიის გამოთავისუფლების შედეგად წარმოიქმნება და 11-წლიანი ციკლებით ხასიათდება.

ეს მაგნიტური ველი წარმოიშობა მზის წიაღის ვიწრო ფენაში, ტახოკლინში, რომელიც კონვექციური და სხივური გადატანის არეებს შორის მდებარეობს. ციკლები სავარაუდოდ დაკავშირებულია ბრუნვისა და კონვექციის ურთერთკავშირთან, თუმცა ზუსტი მექანიზმი დღემდე დაუდგენელია.

ახალი კვლევებით დადგინდა, რომ კონვექციური უჯრედები აღწევს ტახოკლინში და იწვევს ახალი ტიპის დიდმასშტაბოვანი როსბი-დინამო ტალღების აღძვრას. ამ ტალღების საშუალებით ხდება ბრუნვითი და კონვექციური ენერგიების ურთიერთტრანსფორმაცია, რაც უმნიშვნელოვანესი ფიზიკური პროცესია.

როსბი-დინამო ტალღები წარმოქმნის დამზერილი 11-წლიანი და 150-170-დღიან რხევებს, რაც მზის ციკლების პრობლემის გადაჭრის წინაპირობაა. ახალი თეორიის გამოყენებით ასევე შესაძლებელია ტახოკლინის მაგნიტური ველის სიდიდის შეფასება, რასაც ახალი დარგის მზის მაგნიტოსეისმოლოგიის განვითარებასთან მივყავართ. ობსერვატორიაში დაგეგმილი თეორიული და დაკვირვებითი კვლევები მეტ ინფორმაციას მოგვაწვდის მზის იდუმალი მოვლენების შესახებ. 

სამეცნიერო სტატიის შესახებ ვრცლად იხილეთ ბმულზე:

https://www.aanda.org/articles/aa/full_html/2025/11/aa56108-25

Magnetohydrodynamic shallow water equations with the alpha effect: Rossby-dynamo waves in solar–stellar tachoclines, T. V. Zaqarashvili, M. Dikpati, and P. A. Gilman, Astronomy and Astrophysics, 703, 190, 2025.

2025

 

ბანერები