ინტერდისციპლინური გარემოს კვლევების განვითარება − ერთობლივი სამუშაო შეხვედრა კიოლნის უნივერსიტეტში
ახალი ამბები
2025 წლის 15-18 დეკემბერს კიოლნის უნივერსიტეტის გეოგრაფიის ინსტიტუტში პროექტის Cologne International Forum EnviroLink ფარგლებში ინტერდისციპლინური გარემოს კვლევების მიმართულებით გაიმართა ერთობლივი სამუშაო შეხვედრა, რომლის მთავარი მიზანი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტერდისციპლინური გარემოს კვლევების საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის განვითარების მხარდაჭერა.
ახალი პროგრამა დაეფუძნება კიოლნის უნივერსიტეტის IMES სამაგისტრო პროგრამის მრავალწლიან გამოცდილებას და შექმნის ორმაგი ხარისხის მიღების შესაძლებლობას ქართველი და გერმანელი სტუდენტებისთვის. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ ერთობლივი Erasmus+ მობილობის საპროექტო განაცხადის მომზადებაზე.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ინტერდისციპლინური სწავლების დაგეგმვისა და მდგრადი განვითარების საკითხები საბუნებისმეტყველო, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროებს შორის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 21-ე საუკუნის გარემოსდაცვით გამოწვევებს, მათ შორის მიკროპლასტიკით დაბინძურების კვლევას. ამ მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლაბორატორიული კვლევის შესაძლებლობები ვითარდება კიოლნის უნივერსიტეტის მხარდაჭერით.
შეხვედრაზე ასევე დაიწყო მუშაობა ერთობლივი სასწავლო მოდულის შექმნაზე, რომელიც დაგეგმილია როგორც იმერსიული გარემოს ლაბორატორია და აერთიანებს VR (ვირტუალურ რეალობაზე) დაფუძნებულ საველე სამუშაოებს, GIS აპლიკაციებსა და COIL-ზე (Collaborative Online International Learning) დაფუძნებულ თანამშრომლობას, რათა ორივე უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთონ ერთობლივ სასწავლო პროცესში.
აკადემიური პერსონალის, სტუდენტებისა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების შედეგად განისაზღვრა მკაფიო ნაბიჯები ახალი სამაგისტრო პროგრამის დიზაინის, ერთობლივი სასწავლო ინიციატივებისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარებისთვის.
სამუშაო შეხვედრის მონაწილეები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან:
ელენე ჟურავლიოვა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანი
მიხეილ ელაშვილი, კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს კვლევის ცენტრის დირექტორი
სალომე ბილანიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი
თამარ ბარბაქაძე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
ლევან ნავროზაშვილი, კომპლექსური გარემოსდაცვითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი
ლაშა სუხიშვილი, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და ეროვნული სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორი
ზურაბ ჯავახიშვილი, ბუნების დაცვისა და სატყეო პროგრამის ხელმძღვანელი
ნინო უსტიაშვილი, გეოეკოლოგიის ლაბორატორიის კოორდინატორი.
2026
გალერეა