საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის პროფესორების სტატია რეიტინგულ ჟურნალ Atmosphere-ში გამოქვეყნდა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსისტეტის კოსმოსური კვლევების ცენტრის ატმოსფეროს-იონოსფეროსა და ახლო კოსმოსის კვლევის დეპარტამენტის მკვლევრების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების – გოდერძი დიდებულიძის, გიორგი დალაქიშვილის, მაია თოდუასა და დოქტროანტ ლექსო ტორიაშვილის – ავტორობით რეიტინგულ ჟურნალ Atmosphere-ში გამოქვეყნდა სტატია: The Role of Neutral Wind Velocity and Its Vertical Component on Predictability of Formation and Localization of Sporadic E (Es) (ნეიტრალური ქარის სიჩქარისა და მისი ვერტიკალური კომპონენტის როლი სპორადული E (Es)-ის ფორმირებისა და ლოკალიზაციის პროგნოზირებადობაზე).

სპორადული E(Es) ფენა დედამიწის ატმოსფეროს ქვედა თერმოსფეროში დაკვირვებად დამუხტული ნაწილაკების (იონების/ელექტრონების) მაღალი სიმკვრივის არარეგულარულ თხელ ფენას წარმოადგენს. ამ ფენის არსებობის დრო შეიძლება იცვლებოდეს რამდენიმე ათეული წუთიდან რამდენიმე საათამდე.

სპორადული E(Es) ფენა უარყოფით გავლენას ახდენს თანამედროვე რადიოკომუნიკაციის ხარისხზე. შესაბამისად, აქტუალურია ამ ფენის წარმოქმნის, ყოფაქცევისა და მდებარეობის პროგნოზირება. სპორადულ ფენაზე პირველი დაკვირვებიდან გადის 90 წელი და მისი აღმწერი სრულყოფილი თეორია კვლავ აქტიური განხილვის საგანია.

სტატიის ავტორთა შემოთავაზებული თეორიული მოდელი არა მხოლოდ ხსნის E(Es) ფენის ძირითად დამზერად დინამიურ და სტრუქტურულ თვისებებს, არამედ განსაზღვრავს მისი წარმოქმნის კრიტერიუმსაც, რაც შესაძლებელს ხდის E(Es) ფენის წარმოქმნისა და მდებარეობის პროგნოზირებას. აღსანიშნავია, რომ ამ მოდელის ფარგლებში გათვალისწინებულია რეალისტური ქარის პროფილი, სადაც ქარის ჰორიზონტალურ კომპონენტებთან ერთად მნიშვნელოვანია მისი ვერტიკალური კომპონენტიც, რომელიც არ არის ასახული ქარის თანამედროვე გლობალურ ცირკულაციურ მოდელებში.

ნაშრომში განხილულია ვერტიკალური ნეიტრალური ქარის გავლენა E(Es) ფენის წარმოქმნასა და მდებარეობაზე. E(Es) ფენის წარმოქმნის სრულყოფილი მოდელის საილუსტრაციოდ ანალიტიკურად და რიცხვითი სიმულაციებით პირველადაა ნაჩვენები ამ მოდელით ნაწინასწარმეტყველები სპორადული E(Es) ფენების ფორმირება და ლოკალიზაცია. წარმოდგენილ თეორიულ მოდელში რეალისტური ქარის პროფილის გათვალისწინება საშუალებას იძლევა, განვსაზღვროთ ატმოსფერული გრავიტაციული ტალღების, მიმოქცევითი მოძრაობებისა და სხვადასხვა ჰელიო-გეოფიზიკურ პირობებში გენერირებული ატმოსფერულ შეშფოთებათა გავლენა სპორადული E(Es) ფენის ფორმირებასა და ყოფაქცევაზე.

 2023 წელი

ბანერები