ილიაუნის მაგისტრანტი მარიამ ლიქოკელი სწავლას ოსაკის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე განაგრძობს
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის პროგრამის მაგისტრანტი მარიამ ლიქოკელი სწავლას ოსაკის უნივერსიტეტის (იაპონია) Graduate School of Human Sciences-ის სადოქტორო პროგრამაზე განაგრძობს. მან მოიპოვა იაპონიის განათლების სამინისტროს (MEXT) სწავლის სრული დაფინანსება და ყოველთვიური სტიპენდია.
მარიამმა მიიღო იაპონიის კობეს უნივერსიტეტის შემოთავაზებაც, თუმცა არჩევანი ოსაკის უნივერსიტეტზე შეჩერა, რადგან ის მსოფლიოს 100 საუკეთესო უნივერსიტეტის სიაში მეორე იაპონური უნივერსიტეტი, იაპონიაში კი რეიტინგით მესამეა. მარიამმა იაპონური ენა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლა.
მარიამის სადოქტორო კვლევის თემაა „ზოგადი პერსპექტივები მგლის რეინტროდუქციის საკითხზე იაპონიაში" (General Perspectives on the Reintroduction of Wolves).
იაპონიის ველურ ბუნებას, ასევე სოფლის მეურნეობის სავარგულებს, უდიდესი ზიანი ადგება ირმების რიცხოვნობის უკონტროლო ზრდით, რაც გამოწვეულია ბუნებრივი მტაცებლის არარსებობით. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მთავრობა მხოლოდ ლეტალურ მეთოდს იყენებს, რომელიც უშედეგოა. ყოველწლიურად გაწეული ხარჯები უფრო და უფრო იზრდება.
სადოქტორო ნაშრომის მოსამზადებლად მარიამი როგორც ონლაინ, ისე პირისპირ გამოკითხვებს გეგმავს იაპონიის რაც შეიძლება ბევრ პრეფექტურაში, თუ რა იციან იაპონელებმა ირმის ჭარბი პოპულაციით გამოწვეული პრობლემების შესახებ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს მარიამს ამ დიდ წარმატებას!
2023