GGSB 2026-ის სამუშაო შეხვედრა Science at Existing and Planned SMART|Labs in Georgia საქართველოში
ახალი ამბები
7-12 სექტემბერს თბილისში გაიმართა ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის (GGSB) სამუშაო შეხვედრა Science at Existing and Planned SMART|Labs in Georgia. მან საქართველოსა და გერმანიის კვლევითი ცენტრების სტუდენტები, მკვლევრები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები გააერთიანა სამეცნიერო თანამშრომლობისა და კვლევითი შესაძლებლობების განვითარების მიზნით.
საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ღონისძიების გახსნაზე მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტების რექტორი ვახტანგ ლეჟავა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე და დრეზდენ-როზენდორფის ჰელმჰოლცის ცენტრის (HZDR) სამეცნიერო დირექტორი, GGSB-ის პრეზიდენტი სებასტიან შმიდტი.
8-10 სექტემბერს საქართველოს აგრარულ და თავისუფალ უნივერსიტეტებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული პარალელური სესიები სამეცნიერო იდეების გაცვლას, სტუდენტთა მონაწილეობასა და ერთობლივი კვლევების განვითარების განხილვას დაეთმო.
11 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრის დასკვნითი სესია GGSB 2026-ის შედეგების შეჯამებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს დაეთმო. დამსწრეთ მისასალმებელი სიტყვით მიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ნინო დობორჯგინიძემ. უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა ელენე ჟურავლიოვამ წარმოადგინა ინფორმაცია ილიაუნის საგანმანათლებლო პროგრამებისა და GGSB-ის როლის შესახებ. სამეცნიერო პრეზენტაციებში ISU-ისა და HZDR-ის მკვლევრებმა და ილიაუნის მაგისტრანტმა ისაუბრეს შემდეგ თემებზე: კვლევის ინტეგრირება აკადემიურ სწავლებაში, ასტროფიზიკური სითხეების დინამიკა, ალფვენის ტალღების გავლენა ატმოსფეროს არარეგულარულ სტრუქტურებზე და G-კვადრუპლექსის სტრუქტურული ამოცნობის მოლეკულური დინამიკის კვლევა.
სამუშაო შეხვედრამ ხაზი გაუსვა აკადემიური განათლების სამეცნიერო კვლევასთან კავშირისა და სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის საერთაშორისო თანამშრომლობაში ჩართვის შესაძლებლობების შექმნის მნიშვნელობას. GGSB-ის ინიციატივის ფარგლებში მონაწილე ინსტიტუტები აგრძელებენ ცოდნის გაცვლის, კვლევითი პარტნიორობისა და საქართველოში მეცნიერებისა და ინოვაციების განვითარების ხელშეწყობას.
2026
გალერეა