საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

დოქტორ დიტმარ შმიტსის საჯარო მოხსენება „ადამიანის მონოკლონური LGl1 აუტოანტისხეულები ზრდის ნეირონულ აგზნებადობას“

ღონისძიებები

28 სექტემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში შარიტეს უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი დიტმარ შმიტსი წაიკითხავს მოხსენებას „ადამიანის მონოკლონური LGl1 აუტოანტისხეულები ზრდის ნეირონულ აგზნებადობას“ (“Human monoclonal LGl1 autoantibodies increase neuronal excitability“).

შარიტეს უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი თენგიზ გლოველი კი მიმოიხილავს პროექტს „თავის ტვინის კვლევა საქართველოში“ (”Brain research in Georgia”), რომლის თანამონაწილეა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მოხსენების შესახებ

ლეიცინით მდიდარი გლიომით ინაქტივირებული 1 (LGI1) ენცეფალიტი ანტისხეულებით გამოწვეული ენცეფალოპათიის მეორე ყველაზე გავრცელებული ფორმაა. დიტმარ შმიტსმა და მისმა სამეცნიერო ჯგუფმა განახორციელა LGI1 ენცეფალიტის მქონე რამდენიმე პაციენტის ანტისხეულების სეკრეტორული უჯრედებიდან (ASCs) და ცერებროსპინალური სითხის (CSF) B უჯრედებიდან გამოყოფილი ანტისხეულების კლონირება, ექსპრესია და ტესტირება. ელექტროფიზიოლოგიური მეთოდების გამოყენებით გამოიკვლიეს LGI1 ანტისხეულების ფუნქციური ზემოქმედება ჰიპოკამპის ტვინის ანათალებზე და ნახეს, რომ LGI1 ანტისხეულებმა გაზარდეს ჰიპოკამპის CA3 ნეირონების აგზნებადობა და გლუტამატერგიული სინაფსური გადაცემა. მიღებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ პაციენტების ინტრათეკალური B-უჯრედების აუტოიმუნური პასუხის დროს დომინირებს LGI1 ანტისხეულები და რომ მხოლოდ LGI1 ანტისხეულები საკმარისია ნეირონების აგზნებადობის გასაძლიერებლად, რაც კრუნჩხვების წარმოქმნის საფუძველია.

მომხსენებლის შესახებ

პროფესორი, დოქტორი დიტმარ შმიცი შარიტეს უნივერსიტეტის (ბერლინი, გერმანია) ნეირომეცნიერებათა კვლევითი ცენტრის დირექტორი და ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიომედიცინის პროფესორია. მან მედიცინა შეისწავლა კიოლნსა და ბერლინში, პროფესორმა შმიცმა PhD ხარისხი მოიპოვა კიოლნის უნივერსიტეტისა და შარიტეს პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტზე. მას აქვს სამეცნიერო მენეჯმენტის მდიდარი გამოცდილება – იყო/არის გერმანიის ჯანმრთელობის ცენტრის DZNE პრესსპიკერი (ბერლინი), აინშტაინის ნეირომეცნიერებათა ცენტრის დირექტორი (ბერლინი), NeuroCure_cluster of Excellenxe-ის კოორდინატორი/დირექტორი (ბერლინი); შარიტეს ფაკულტეტის საბჭოს და კოლაბორაციული კვლევითი ცენტრის DFG აღმასრულებელი საბჭოს წევრი. დოქტორი შმიცი იყო რამდენიმე ეროვნული და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი: INSERM (ბორდო), ლაიბნიცის ასოციაცია (მაგდებურგი), ფონდი MIND (ბერლინი), ნეირომეცნიერებათა ცენტრი (კოპენჰაგენი), მოლეკულური ნეირობიოლოგიის ცენტრი (ჰამბურგი).

სამეცნიერო მოღვაწეობისთვის მიღებული აქვს ჯილდოები და გრანტები. ავტორია 70-ზე მეტი პუბლიკაციისა სამეცნიერო ჟურნალებში IF≥10, ციტირებით - ≥15.000, h ინდექსი ≥65.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 28 სექტემბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები