მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

ინფორმაცია სადოქტორო საფეხურზე სწავლისათვის სტუდენტების მიღების თაობაზე - ხშირად დასმული კითხვები

  • როდის გამოცხადდება 2024-2025 სასწავლო წლის მიღება დოქტორანტურაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე?

ჩვენს ფაკულტეტზე სადოქტორო საფეხურზე სწავლისათვის მიღება, როგორც წესი, ცხადდება შემოდგომაზე (ოქტომბერსა ან ნოემბერში). სწორედ ამ დროისთვის შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდს დეტალური ინფორმაციის მისაღებად.

  • როდის დავიწყებ სწავლას?

თუ 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის გამოცხადებული კონკურსის შედეგად გახდებით დოქტორანტი, სწავლას დაიწყებთ 2025 წლის 4 მარტიდან.

  • რომელ სადოქტორო პროგრამებზე გამოცხადდება მიღება?

დაზუსტებულინფორმაცია პროგრამების შესახებ, რომლებზეც გამოცხადდება მიღება, გამოქვეყნდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე. 

  • სად ვნახო სადოქტორო პროგრამებზე წინა წლის მიღების ინფორმაცია?

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდის ბმულზე.

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამების მოკლე აღწერა და კურიკულუმები კურსების მითითებით იხილეთ შემდეგ ბმულზე.

  • ფასიანია თუ არა  სწავლა დოქტორანტურაში?

ამ დროისთვის, დოქტორანტურაში სწავლა საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოა 5 წლის განმავლობაში, თუკი დოქტორანტი ასრულებს პროგრამის მოთხოვნებს (დეტალები იხ. მომდევნო კითხვის პასუხში).

შესაძლებელია, დოქტორანტურაში მიღება გამოცხადდეს ფასიან ადგილებზეც. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ სადოქტორო პროგრამის მოთხოვნების ვადის შეუსრულებლობისას ან სწავლის მეექვსე წლიდან, დოქტორანტმა უნდა გადაიხადოს იმ დროისათვის დადგენილი სწავლის საფასური.

  • რა მოთხოვნები უნდა გავითვალისწინო უფასო სწავლისთვის?

თუ დოქტორანტს ჩარიცხვიდან და სწავლის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ არ ექნება დაცული პროსპექტუსი, ან ვერ დაიცავს პროსპექტუსს კომისიის წინაშე (განმეორებითი დაცვის შემდეგაც), მან უნდა გადაიხადოს სწავლის საფასური თითოეული მომდევნო სემესტრისთვის უნივერსიტეტში დადგენილი საფასურის ოდენობითა და წესით. თუ სტუდენტი პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით 5 წლის შემდეგ დამატებით აფორმებს ერთწლიან ხელშეკრულებას, მას ეკისრება სწავლის გადასახადი ხელშეკრულების გაფორმების დროისთვის განსაზღვრული სწავლის გადასახადის ოდენობით.

  • რა ეტაპებისგან შედგება მიღება დოქტორანტურაში?

     სადოქტორო მიღება შედგება 3 ეტაპისგან:

  1. რეგისტრაცია:

სასურველ პროგრამაზე ჩაბარების მსურველმა აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს მოთხოვნის შესაბამისი დოკუმენტაცია.

  1. გამოცდა ინგლისურ/გერმანულ ენ(ებ)ში:

a)      ინგლისური ენის გამოცდა (B2 დონე);

b)     გერმანული ენის გამოცდა (B2 დონე); გერმანული ენის ძირითად ენად ჩაბარება შესაძლებელია მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო მხოლოდ ორ პროგრამაზე: „ფილოსოფია“ და „ენათმეცნიერება და ლიტერატურათმცოდნეობა“. ძირითად უცხოურ ენად გერმანული ენის არჩევის შემთხვევაში, დოქტორანტობის აპლიკანტს დამატებით მოეთხოვება ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე.

3. კვლევითი განაცხადის განხილვა:

ენის გამოცდის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, აპლიკანტის კვლევითი განაცხადი განიხილება დარგობრივი კომისიის მიერ. დადებითი შეფასების მიღებისას, აპლიკანტი დარგობრივ კომისიას აბარებს ზეპირ გამოცდას. დარგობრივი კომისიის მიერ ზეპირი გამოცდა შეფასდება წინასწარ განსაზღვრული მოთხოვნების, კრიტერიუმებისა და რუბრიკების მიხედვით, რომლებიც თითოეული პროგრამისთვის განსხვავებულია. მოთხოვნები განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე მიღების გამოცხადებისთანავე.

  • ვინ შეიძლება იყოს ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელი?

სამეცნიერო ხელმძღვანელი შეიძლება იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი ან პროფესორ-ემერიტუსი, რომელსაც აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი, დოქტორანტის საკვლევი მიმართულების შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილება და არის უახლესი ცოდნით აღჭურვილი; დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული სამეცნიერო კვლევებში და გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც შეესაბამება დოქტორანტის სადისერტაციო ნაშრომის ზოგად თემატიკას/მიმართულებას.

  • სად შემიძლია გავეცნო ილიაუნის აკადემიურ პერსონალზე ინფორმაციას?

აკადემიური პერსონალზე ინფორმაცია მათი სამეცნიერო/კვლევითი ინტერესების, მიმართულებების მიხედვითა და ელექტრონული ფოსტის მითითებით განთავსდება მიღების შესახებ ინფორმაციასთან ერთად (მანამდე შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ წინა წლის მიღების ინფორმაციით) ან გაეცნოთ უნივერსიტეტის ვებგვერდზე მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის.

  • როგორ ვნახო კვლევითი განაცხადი?

კვლევითი განაცხადის ფორმა განთავსდება ვებგვერდზე დოქტორანტურაში მიღების სხვა ინფორმაციასთან ერთად, მანამდე კი შეგიძლიათ გაეცნოთ წინა წლის ფორმებს პროგრამების მიხედვით.

  • როდის ჩატარდება გამოცდები?

დოქტორანტურაში სწავლისთვის მიღების გამოცხადებისას საბუთების რეგისტრაციისთვის განკუთვნილია დაახლოებით 2-3 კვირა. გამოცდები დაინიშნება რეგისტრაციის შემდეგ.

  • რამდენი ვაკანტური ადგილი გამოცხადდება თითოეულ პროგრამაზე?

ვაკანტური ადგილების რაოდენობა ინდივიდუალურად განისაზღვრება ყოველწლიურად.

  • სად ვნახო ინგლისური და გერმანული ენის გამოცდის ტესტების ნიმუშები/საკითხები?

წინა წლის გამოცდების ნიმუშების ნახვა შეგეძლებათ ამ ბმულზე.

შესაძლოა, წელს გამოცდა განსხვავებული ფორმატით ჩატარდეს. დამატებითი ინფორმაცია და დეტალები ცნობილი გახდება მიღების გამოცხადებისას.

  • ინგლისური/გერმანული ენის სერტიფიკატი მაქვს და გამოცდის ჩაბარება მაინც მომიწევს?

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ უცხოური ენ(ებ)ის გამოცდისგან თავისუფლდებიან აპლიკანტები, რომლებიც წარმოადგენენ შესაბამისი ენ(ებ)ის ცოდნის დამადასტურებელ მოქმედ საერთაშორისო სერტიფიკატს/საბუთს ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემულ შესაბამის მოქმედ სერტიფიკატს/ცნობას, რომლითაც დასტურდება კანდიდატის ენობრივი (მინიმუმ) B2 დონის კომპეტენცია. გამოცდისგან თავისუფლდებიან ასევე ის აპლიკანტები, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს ფარგლებს გარეთ ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომს (დიპლომთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ) და პირები, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოში ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომს და დანართს ან ცნობას პროგრამის განხორციელების ენის შესახებ.

  • სად შეიძლება გავეცნო პროგრამაზე დაშვების წინაპირობებს?

გაეცანით მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროგრამების აღწერასა და კურიკულუმებს აქ.

  • ვსწავლობ/ვსწავლობდი დოქტორანტურის საფეხურზე სხვა უმაღლეს სასწავლებელში. მინდა თქვენთან გადმოსვლა. როგორ მოვიქცე? რომელ სასწავლო კურსებს მიღიარებთ?

ასეთ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ გამოცხადებული რიგითი მიღებისას. საგნების/კრედიტების აღიარების საკითხი გაირკვევა მას შემდეგ, რაც ჩვენს უნივერსიტეტში დოქტორანტის სტატუსით ჩაირიცხებით. კრედიტების აღიარების თაობაზე ამომწურავ პასუხს მიიღებთ თქვენი, როგორც დოქტორანტის, განცხადების საფუძველზე, რომელსაც თან დაურთავთ სხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში შესწავლილი საგნების შესახებ ცნობას.

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო საფეხურზე სასწავლო პროცესისა და მიღების  ამ და სხვა დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის დებულებით.
ბანერები