მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია არის ნამდვილი კონფერენციის სიმულაცია და საბაკალავრო ნაშრომის დაცვის ერთგვარი რეპეტიცია. მისი მთავარი მონაწილეები (როგორც მომხსენელების, ისე რეცენზენტებისა და მსმენლების როლში) არიან მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტები.

კონფერენციის მიზანია:
•    წაახალისოს ახალგაზრდა მკვლევრები შემდგომ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ჩასართავად;
•    შესძინოს მათ სამეცნიერო კონფერენციისთვის მომზადებისა და მასში მონაწილეობის ჩვევები;
•    გამოუმუშავოს მათ დამოუკიდებელი კვლევისა და მიღებული შედეგების პრეზენტაციისა და დაცვის უნარი.

კონფერენციის ფორმატი

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება 2011 წლის 28-29 მაისს. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს მოხსენების გეგმა (განაცხადი) ამავე წლის 31 მარტამდე ოთახში A 301 ან გამოაგზავნოს ელ.ფოსტის მისამართზე arts_sciences@iliauni.edu.ge. მოხსენების გეგმა (Abstract) წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულად და ერთ-ერთ უცხო ენაზე (ინგლისურად / გერმანულად / ფრანგულად / ესპანურად / იტალიურად / რუსულად), ორივე მათგანის მთლიანი მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 250 სიტყვას (იხ. განაცხადის ფორმა). მოხსენების წარმოდგენის ბოლო ვადაა - 30 აპრილი.

მომხსენებელს აქვს უფლება, რჩევისთვის მიმართოს პროფესორს, მაგრამ ნაშრომი დამოუკიდებლად უნდა შეასრულოს. იგი თავად იქნება პასუხისმგებელი თავისი მოხსენების შინაარსზე.

წარმოდგენილი პროექტების მიმართულებების გათვალისწინებით ფაკულტეტის ადმინისტრაცია შექმნის სპეციალურ კომისიას, რომლის წევრებიც შეირჩევიან ფაკულტეტის აკადემიური პერსონალიდან, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის ფაკულტეტის სტუდენტებისგან. ისინი განიხილავენ წარმოდგენილ რეზიუმეებს და შეარჩევენ მათგან ისეთებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ კონფერენციის თემატურ მოთხოვნებსა და მეცნიერული თვითმყოფადობის კრიტერიუმს. შერჩეული ნაშრომები მოგვიანებით სარეცენზიოდ გადაეცემათ შესაბამისი მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. გადაცემის პროცედურას განახორციელებს ფაკულტეტის ადმინისტრაცია რეცენზენტთა ანონიმურობის  დაცვით. რეცენზენტმა უნდა შეაფასოს ნაშრომი წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე (იხ. ქვემოთ). 2-დან 6 მაისამდე რეცენზიები გადაეცემათ მომხსენებლებლებს. 16 მაისს გამოცხადდება კონფერენციის ზუსტი პროგრამა, სადაც აღნიშნული იქნება თითოეული სექციის მუშაობის დრო და ადგილი. თითოეულ სექციას ეყოლება თავისი წამყვანი, რომელიც შეირჩევა ბაკალავრიატის სტუდენტებს შორის.

ნაშრომები, რომლებიც განსაკუთრებით დადებით რეცენზიებს დაიმსახურებენ, დაიბეჭდება ყოველწლიურ სტუდენტურ სამეცნიერო ჟურნალში.

მოხსენების პარამეტრები

თითოეული მომხსენებლისთვის გათვალისწინებული იქნება 20 წუთი, მათ შორის 10 წუთი მოხსენებისთვის, 5 წუთი - რეცენზიისთვის, 5 წუთი კი - დისკუსიისთვის. შესაბამისად, მოხსენება დაახლოებით 5 გვერდს უნდა მოიცავდეს (A 4 ფორმატის ფურცელი, შრიფტი - ქართული უნიკოდი (Sylfaen), შრიფტის ზომა - 12, სტრიქონებს შორის დაშორება - 1,5, ფურცლის კიდეებიდან დაშორება: მარცხნივ - 3, მარჯვნივ - 1,5, ზემოთ და ქვემოთ - 2,5). სასურველია მომხსენებელმა გამოიყენოს ვიზუალიზაციის ხერხები (Power Point-ის პრეზენტაცია, პლაკატი, გაფართოებული გეგმა (Handout) და სხვ.). მოხსენება უნდა მოიცავდეს შესავალს, ძირითად ნაწილს, დასკვნებსა და დამოწმებული ლიტერატურის სიას. დამოწმებისას უნდა გამოიყენებოდეს ე.წ. ჰარვარდის სისტემა (http://education.exeter.ac.uk/dll/studyskills/harvard_referencing.htm).

მოხსენების შეფასების კრიტერიუმები

რეცენზენტებმა მოხსენება უნდა შეაფასონ შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:
1.    დარგობრივი ცოდნა: რამდენად კარგად (ლოგიკურად და დამაჯერებლად) არის ნაშრომში გადმოცემული ცოდნა გარკვეული დარგობრივი საკითხის შესახებ
2.    არგუმენტაციის უნარი: რამდენად მჟღავნდება ნაშრომში მსჯელობისა და საკუთარი მოსაზრების დასაბუთების უნარი.
3.    ნაშრომის აგებულება: რამდენად დაცულია სამეცნიერო ნაშრომის აგების წესები (დამოწმება, დამოწმებული ლიტერატურის სია, შესავალი, დასკვნა და ა.შ.).
4.    ნაშრომის ენობრივ-სტილისტური გამართულობა: რამდენად დაცულია მართლწერის და სტილის კანონზომიერებები.

განაცხადის ფორმა

ბანერები