


წიგნის „ეთნიკური ჯგუფები და მათი პერიოდული გამოცემები საქართველოში 1819-1921 წლებში“ პრეზენტაცია
ღონისძიებები
20 ივნისს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება წიგნის „ეთნიკური ჯგუფები და მათი პერიოდული გამოცემები საქართველოში 1819-1921 წლებში“ პრეზენტაცია.
კრებულში თავმოყრილია 2020-2023 წლებში სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ეთნიკური ჯგუფები და მათი პერიოდული გამოცემები საქართველოში 1819-1921 წლებში“ (ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი #FR-19-1759) ფარგლებში მომზადებული სტატიები.
საქართველო ოდითგან მრავალეთნიკური ქვეყანა იყო. აქ მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ სხვადასხვა ეროვნების ადამიანები, რომლებიც ეთნიკურ ქართველებთან ერთად ჩართული იყვნენ ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. XIX-XX საუკუნეებში საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფები ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდნენ – აქტიურად მონაწილეობდნენ ადგილობრივ საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში, მაგრამ ამავე დროს ეთნიკურ იდენტობას არ კარგავდნენ. ჰქონდათ სკოლები, თეატრები, გამოსცემდნენ გაზეთებს მშობლიურ ენებზე. მათი ყოფა სათანადოდ შუქდებოდა კიდეც იმდროინდელ პრესაში.
პროექტის მთავარი მიზანი იყო საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების საქმიანობის, ინტერესების, მსოფლმხედველობისა და, ზოგადად, ისტორიის შესწავლა 1819-1921 წლებში საქართველოში მათ ენებზე დაბეჭდილი პერიოდული გამოცემების მიხედვით.
პროექტის ფარგლებში მოძიებულ იქნა საქართველოში დაბეჭდილი და მხოლოდ აქ შემონახული ისეთი გაზეთები, რომლებიც დღეს დეზიდერატას წარმოადგენს არაერთი ბიბლიოთეკისთვის. შესაბამისად, მათი დამუშავება პროექტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო.
ჟურნალისტიკის განვითარებისა და ახალი პერიოდული გამოცემების გამოჩენის კვალდაკვალ პრესა საქართველოში მცხოვრებ ეთნოსთა შესანიშნავ მატიანედ დარჩა. განსხვავებული ინტერესის მქონე ჯგუფების მიერ დანახული და პრესის ფურცლებზე ასახული რეალობა იმჟამინდელი ყოფის ზუსტ სურათს გვაძლევს. შესაბამისად, ეთნიკური ჯგუფების ისტორიის შესასწავლად და ეპოქის უკეთ გასააზრებლად პრესაში გამოქვეყნებული მასალების გათვალისწინება აუცილებელ წინაპირობად მიგვაჩნია.
წიგნს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი გიორგი სანიკიძე.
პროექტის ხელმძღვანელი – ეკა ჭყოიძე
კოორდინატორი – თამარ დემეტრაშვილი
წიგნის ავტორები:
- ეკა ჭყოიძე, ფილოსოფიის დოქტორი, ბიზანტინოლოგი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
- თამარ დემეტრაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, ირანისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი;
- ელვირა ასლანოვი, თსუ-ის დოქტორანტი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
- თამარ გითოლენდია, ფილოლოგიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
- ქეთევან ოთარაშვილი, აღმოსავლეთმცოდნე-არმენოლოგი. 2009 წლიდან საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მუშაობს საქართველოს ტერიტორიაზე დაბეჭდილი სომხური წიგნისა და პერიოდული გამოცემების ბიბლიოგრაფიულ აღწერილობაზე.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 20 ივნისი, 19:00 საათი
2023 წელი