მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ვიქტორ ფრანკლის წიგნის „ვუთხრათ სიცოცხლეს „დიახ“!“ პრეზენტაცია

ღონისძიებები

6 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის T102 აუდიტორიაში გაიმართება ვიქტორ ფრანკლის წიგნის „ვუთხრათ სიცოცხლეს „დიახ“!“ წარდგენა.

ღონისძიება ეწყობა გამომცემლობა „დიოგენესა“ და კავკასიის ლოგოთერაპიისა და ეგზისტენციალური ანალიზის ასოციაციის (CALEA) პარტნიორობით და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

ვიქტორ ფრანკლი, ავსტრიელი ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი და ლოგოთერაპიის ფუძემდებელია. მან სამი წლის მანძილზე ოთხი საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეობა გამოცადა. იმ დროს 37 წლის ვიქტორ ფრანკლს უკვე დიდი გამოცდილება ჰქონდა ფსიქიატრიასა და ნევროლოგიაში. სწორედ ამ გამოცდილების პრიზმაში ხედავს იგი ბანაკის ყოფას. წიგნი „ვუთხრათ სიცოცხლეს „დიახ“!“ (1946), რომელიც ბანაკს თავდაღწეულმა ავტორმა ცხრა დღეში დაწერა, „სიცოცხლის მეორე ნაპირიდან“ მომზირალ ადამიანთა ფსიქოლოგიას აღწერს.

გამოცემა ეკუთვნის „დიოგენეს“ ახალ სერიას NONFICTION, რომელიც აერთიანებს არამხატვრულ ლიტერატურას, მათ შორის ფსიქოლოგიურ, ფილოსოფიურ ნაშრომებს.

პრეზენტაციას გახსნის, წიგნს მოკლედ წარადგენს და სერიაზე NONFICTION ისაუბრებს „დიოგენეს“ დამფუძნებელი თამარ ლებანიძე.

ფრანკლისა და მისი მოძღვრების შესახებ ლექციას წაიკითხავს ნინო ბერძნიშვილი, ფსიქოლოგი, ლოგოთერაპევტი, პროფესიონალი ქოუჩი, კავკასიის ლოგოთერაპიისა და ეგზისტენციალური ანალიზის ასოციაციის (CALEA) პრეზიდენტი.

თარგმნის პროცესისა და ნაშრომის შესახებ ისაუბრებს მთარგმნელი მაია ბადრიძე, ფრანკლსა და მის წიგნზე კი – ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლოგი ნინო ჯავახიშვილი.

შეხვედრის დასასრულს სერია NONFICTION-ის გამოფენა-გაყიდვაზე წიგნები 20%-იანი ფასდაკლებით იქნება წარმოდგენილი.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 6 აპრილი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსი, T102 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

ბანერები