მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სოციოლოგთა IV სამეცნიერო კონფერენცია: „კაპიტალიზმი, კულტურა, ინდივიდი“

ახალი ამბები

2017 წლის 22-23 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართება სოციოლოგთა IV სამეცნიერო კონფერენცია: „კაპიტალიზმი, კულტურა, ინდივიდი“.

გლობალური მასშტაბის მკვეთრი ტრანსფორმაციების ერაში მსოფლიო საზოგადოებები სულ უფრო მეტად განიცდიან მზარდ ტენდენციებს იდეოლოგიური ფუნდამენტალიზმის, რასიზმის, ქსენოფობიის, ნაციონალიზმის, ავტორიტარიზმისა და მემარჯვენე-ექსტრემიზმის მიმართულებებით. მოულოდნელი ცვლილებებისა და პერმანენტული კრიზისების მთელი სერია, რომლითაც ბოლო წლები ხასიათდებოდა, ახალ გამოწვევებს სთავაზობს სოციოლოგებს; რეალობა, რომელსაც ადგილი აქვს გლობალურ კონტექსტში, ნაწილი ხდება ლოკალურ დონეზე მიმდინარე სოციალური პროცესებისა. ახალგაზრდა მკვლევრებს, რომლებიც დაინტერესებული არიან საზოგადოების წინაშე არსებული თანამედროვე გამოწვევებით, საშუალება ეძლევათ, წარმოადგინონ საკუთარი კვლევები და ერთმანეთს გაუზიარონ იდეები.

კონფერენციის თემატიკა: კაპიტალიზმი, სოციალური უთანასწორობა, სოციალური მოძრაობები, კულტურა და რელიგია, გენდერი, მიგრაცია, გარემო, ძალაუფლება და კონტროლი, სოციალური იდენტობები

კონფერენციის მიზნები:

  • სტუდენტებს და ახალგაზრდა მკვლევრებს, რომლებიც აღნიშნულ საკითხებზე მუშაობენ, მისცეს შესაძლებლობა, შეხვდნენ ერთმანეთს, გაიფართოონ აკადემიური ქსელი, იმსჯელონ საკუთარ ნაშრომებზე და გაუზიარონ ერთმანეთს იდეები.
  • განიხილონ თანამედროვე საზოგადოების წინაშე არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები და წინააღმდეგობები, რომლებიც განსაკუთრებული იმპულსი ხდება სოციოლოგიური წარმოსახვისთვის.

კონფერენციაში მონაწილეობის პირობები                                     

  • კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდა სოციოლოგებს, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ისე სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.
  • საუკეთესო სტატიები დაიბეჭდება კონფერენციისადმი მიძღვნილ კრებულში. გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდებიან პრიზებით. კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სიგელი და სპეციალურად დაწესებული საჩუქარი.

საბუთების მიღება

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ერთგვერდიანი ავტობიოგრაფია (CV) და კონფერენციაზე წარსადგენი კვლევითი ნაშრომის აბსტრაქტი (არაუმეტეს 300 სიტყვისა) ერთიანი pdf-დოკუმენტის სახით უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sociologicalconference@iliauni.edu.ge.

საბუთების გაგზავნის ბოლო ვადაა 2017 წლის 10 აპრილი.

დამატებითი ინფორმაციისთვის

ელფოსტა: sociologicalconference@iliauni.edu.ge

ბანერები