სილეზიის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
ახალი ამბები
30 აგვისტოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია ჩეხეთის რესპუბლიკის სილეზიის უნივერსიტეტის (Silesian University in Opava) დელეგაცია. ვიზიტი 6 სექტემბრამდე გაგრძელდება.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სილეზიის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი და საჯარო პოლიტიკის ფაკულტეტის პროფესორი ტატიანა მატულაიოვა, ამავე ფაკულტეტის დეკანი მარტა კოლარიკოვა, საჯარო პოლიტიკის ფაკულტეტის მეცნიერების მიმართულების ვიცე-დეკანი ნატაშა მატულაიოვა და ამავე ფაკულტეტის ვიცე-დეკანი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, სპეციალური განათლების სპეციალისტი კატერინა იანკუ.
დელეგაცია შეხვდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტისა და განათლების ფაკულტეტის დეკანებს, პროფესორებსა და დოქტორანტებს, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის დირექტორსა და პროფესორებს. შეხვედრები ასევე გაიმართა სოციალური მუშაობის პროგრამის პრაქტიკის ორგანიზაციის, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებთან – სამსახურის უფროსის მოადგილე ეკატერინე დგებუაძესა და მის თანამშრომლებთან. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და განიხილეს სამომავლო აკადემიური, კვლევითი და პრაქტიკული თანამშრომლობის შესაძლებლობები.
პროფესორ ტატიანა მატულაიოვასა და ნატაშა მატულაიოვას ილიაუნის სოციალური მუშაობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელთან, პროფესორ შორენა საძაგლიშვილთან ათწლიანი აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობა აკავშირებთ. ეს თანამშრომლობა დაიწყო პალაცკის უნივერსიტეტთან (Palacký University Olomouc) Erasmus+ გაცვლითი პროექტით და წლების განმავლობაში მოიცავდა აკადემიურ გაცვლას, ერთობლივ სამეცნიერო მუშაობას, სტატიების მომზადებასა და გამოქვეყნებას.
სილეზიის უნივერსიტეტის დელეგაციის მიმდინარე ვიზიტი ამ მრავალწლიანი პარტნიორობის გაგრძელებისა და ახალი ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განვითარების კარგ შესაძლებლობას იძლევა.
2026
გალერეა