მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამეცნიერო კონფერენცია „კულტის კონსტრუირება შუა საუკუნეების საქართველოში: ვიზუალიზაცია, ინტერპრეტაცია, კონტექსტუალიზაცია“

ახალი ამბები

14-15 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია „კულტის კონსტრუირება შუა საუკუნეების საქართველოში: ვიზუალიზაცია, ინტერპრეტაცია, კონტექსტუალიზაცია“.

ცენტრი მონაწილეობისთვის იწვევს სხვადასხვა აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, ასევე დოქტორანტურის სტუდენტებს, რომლებიც განიხილავენ კულტის ფორმირების სხვადასხვა ტიპის პრაქტიკასა და სტრატეგიას შუა საუკუნეების საქართველოში.

კონფერენცია მიზნად ისახავს ქმედითი, ინტერდისციპლინარული სადისკუსიო პლატფორმის შექმნას, რომელიც განიხილავს მმართველთა, წმინდანთა, ხატებისა და რელიკვიების კულტის კონსტრუირების სხვადასხვა ასპექტს, კულტის დამკვიდრების წინაპირობებსა და მოტივებს, გააანალიზებს განხილული პრაქტიკის თავისებურებებს და სპეციფიკას.

სხვადასხვა ტიპის კულტის კონსტრუირების სტრატეგიის ინტერპრეტაცია შუა საუკუნეების საქართველოს სოციო-პოლიტიკური და კულტურულ-რელიგიური ვითარების ახლებურად დანახვის საშუალებას იძლევა. 

კონფერენციაზე შესაძლოა წარმოდგენილი იყოს საკითხების ფართო წრე, მათ შორის:

  • მმართველთა, წმინდანთა, რელიკვიათა და ხატების კულტის გენეზისი და ისტორიულ-კულტურული კონტექსტი;
  • ადგილობრივ წმინდანთა თაყვანისცემა: ტრადიცია და პრაქტიკა;
  • კულტის მნიშვნელობა კონკრეტულ საზოგადოებრივ ჯგუფებში;
  • წმინდანთა და რელიკვიათა კულტი და ღვთაებრივი მფარველობა
  • კულტის ვიზუალიზაცია;
  • მმართველის კულტის პარადიგმები;
  • წმინდანთა ეთნიკურობა და გენდერული ასპექტები;
  • ჰაგიოგრაფიული ციკლების კონსტრუირება (ტექსტები და გამოსახულებები).

თეზისების წარდგენის წესი და ტექნიკური მოთხოვნები:

  • ახალი კვლევის შედეგები, რომლებიც არ გამოქვეყნებულა ან წაუკითხავთ სხვა კონფერენციაზე;
  • თეზისები – 300 სიტყვა
  • შრიფტი – Sylfaen  

თეზისები უნდა გამოიგზავნოს 28 მარტამდე მისამართზე: nino_chichinadze@iliauni.edu.ge

საბოლოო გადაწყვეტილება თეზისების მიღების შესახებ ცნობილი გახდება 10 აპრილისთვის (თეზისები გაივლის ანონიმურ რეცენზირებას).

2024

ბანერები