მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამეცნიერო კონფერენცია „გარიყვის ურბანული ტოპოგრაფია ლიტერატურასა და ხელოვნებაში იატაკქვეშა არსებობის რეპრეზენტაცია მეტროპოლიტურ კონტექსტში"

ღონისძიებები

14 და 19 სექტემბერს ბრიუსელსა და ამსტერდამში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტთან თანამშრომლობით ორდღიანი კონფერენცია გაიმართება. 

კონფერენციის ორგანიზატორები არიან არვი ზეპი (ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი) და ათინათ მამაცაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი). 

კონფერენციის თემაა მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაციზმის აღზევების პერიოდში, ასევე ჰოლოკოსტის შემდგომ, ნაცისტური ანტისემიტური ურბანული ტოპოგრაფიული დინამიკის წინააღმდეგ შექმნილი ლიტერატურული ტექსტებისა და ხელოვნების ნიმუშების (მხატვრობა, კინო, მუსიკა) კვლევა. 

მესამე რაიხის სხვადასხვა ქალაქისა და ოკუპირებული ევროპის (ბრიუსელი, ამსტერდამი, ჰააგა, პარიზი, ლუქსემბურგი, ვარშავა, ბუდაპეშტი, ბერლინი, ვენა) პერსპექტივების შედარება მოგვცემს საკითხის ფართო გააზრების შესაძლებლობას; შექმნილ კონტექსტში მწერლები და ხელოვანები იძულებულნი ხდებიან, დატოვონ ნაცისტური გერმანია და თავშესაფარი ეძიონ მეზობელ ქვეყნებში, ხშირად შეიცვალონ ადგილ-სამყოფელი. ბევრი მათგანი ერთ ადგილს მეორით ანაცვლებს და ეს ქალაქები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ როგორც დევნილთა ცხოვრებაში, ასევე მათ შემოქმედებაში. 

კონფერენციის მიზანია, გაიმართოს დისკუსია, როგორ აისახა ევროპის დიდ ქალაქებში ნაციზმის მიერ ადამიანის დევნა ლიტერატურასა და ხელოვნებაში; როგორია ებრაელის, როგორც დევნილი, გარიყული ფიგურის, მდგომარეობა იმ ურბანულ გარემოში, რომელიც ახალ ნაცისტურ ურბანულ გადანაწილებას ემორჩილება და უშუალოდ ზემოქმედებს როგორც საჯარო, ასევე პირად სივრცეებზე. კონფერენცია ძირითადად ფოკუსირდება ნაცისტური სივრცის პოლიტიკური ფონის გააზრებაზე, აგრეთვე ომისა და ტირანიის სხვადასხვა კონტექსტის ახლებურ ანალიზზე.


საკვლევი თემები:

  • ებრაელების ხილვადობა/უხილაობა ურბანულ/საჯარო სივრცეებში;
  •  იატაკქვეშა მდგომარეობაში სხეულის ხილვადობა/უხილაობა; 
  •  სხეული მარგინალიზებულ სივრცეში; 
  •  გარიყვის სივრცეები;
  •  ჩაკეტილი / ღია სივრცეები;
  •  (თანა)ცხოვრება ერთობლივ სივრცეში;
  •  გარიყვის / მარგინალიზაციის (სოციალური, რასობრივი) სხვადასხვა ფორმა და მათი წარმოჩენა ურბანულ სივრცეში. 

კონფერენციის აფიშისა და პროგრამის ნახვა შესაძლებელი იქნება ამსტერდამსა და ბრიუსელში. 

კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტი

  • ვივიან ლისკა, ანტვერპენის უნივერსიტეტი;
  • ათინათ მამაცაშვილი, შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი, ილიაუნი / NIAS;
  • ჰელგა მითერბაუერი, ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი;
  • ანლის შულტე ნორდოლტი, ლაიდენის უნივერსიტეტი;
  • არვი ზეპი, ბრიუსელის ფლამანდიურენოვანი თავისუფალი უნივერსიტეტი – ბრიუსელის ურბანული კვლევების ცენტრი; 
  • ბელა წიფურია, შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • ბარტ ვალეტი, ამსტერდამის უნივერსიტეტი. 

კონფერენცია გაიმართება: 

14 სექტემბერი – ბრიუსელი, CEGESOMA – კვლევის ცენტრი ომი და საზოგადოება
მისამართი: 29, Square de l’Aviation / Luchtvaartsquare 29
1070 Bruxelles/Brussel

19 სექტემბერი – ამსტერდამი, NIAS – ნიდერლანდების უმაღლესი კვლევის ინსტიტუტი ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში
მისამართი: Korte Spinhuissteeg 3, 1012 CG Amsterdam


სამუშაო ენა: ინგლისური 

ფორმატი: ჰიბრიდული

კონფერენციაზე დისტანციურად დასწრების სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ ორგანიზატორებს: 

არვი ზეპი (ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი) arvi.sepp@vub.be 

ათინათ მამაცაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი / NIAS) tina_mamatsashvili@iliauni.edu.ge

 2023

ბანერები