მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამაგისტრო პროგრამა ,,გერმანიის კვლევები - კულტურა, პოლიტიკა, საზოგადოება“ – ღია კარის დღე

ღონისძიებები

4 ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გამართავს ღია კარის დღეს სამაგისტრო პროგრამის ,, გერმანიის კვლევები - კულტურა, პოლიტიკა, საზოგადოება“ შესახებ.

პირველად საქართველოში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გთავაზობთ გერმანიასთან დაკავშირებულ ახალ მულტი და ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამას — გერმანიის კვლევები (Deutschlandstudien, German Studies). პროგრამის მისიაა გერმანიისა და საქართველოს სოციალურ-კულტურული ურთიერთდაახლოების ხელშეწყობა ამ ორი ქვეყნის კავშირებისა და ურთიერთობების შესწავლისა და კვლევის საფუძველზე.

პროგრამა მოქნილია და მიმართულია სხვადასხვაგვარი წინარეცოდნის, მონაცემების, ინტერესებისა და საჭიროების მქონე სტუდენტთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. მთავარია, სტუდენტი ფლობდეს გერმანულ ენას B2-დონეზე.

გერმანიის კვლევების სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში შეისწავლით კვლევის თანამედროვე მეთოდებსა და მიდგომებს, დაეუფლებით კულტურათშორისსა და დარგობრივ კომუნიკაციას, გაიღრმავებთ ცოდნას გერმანული კულტურის, პოლიტიკისა და საზოგადოების შესახებ და გააცნობიერებთ მის როლს ევროპულსა და გლობალურ კონტექსტში. მიღებული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გამოყენებით შეძლებთ, დაამუშაოთ საქართველოსა და გერმანიაში შემორჩენილი გერმანულენოვანი დოკუმენტები და არტეფაქტები, გააანალიზოთ გერმანულ-ქართული კულტურათშორისი ლიტერატურა, განახორციელოთ გერმანიისა და საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ასპექტების შედარებითი კვლევა.

პროგრამა ხორციელდება გერმანიის რამდენიმე (იენის, ზიგენის, ბოხუმის) უნივერსიტეტთან აკადემიური პარტნიორობის ფარგლებში. პროგრამის ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილია ილიაუნის ბიბლიოთეკასთან არსებული, DFG-ის მხარდაჭერით შეძენილი გერმანულენოვანი სამეცნიერო ლიტერატურის საცავი. ამასთან, კურსებს გაუძღვებიან პროფესორ-მასწავლებლები, რომლებსაც აქვთ გერმანულენოვან ქვეყნებში სწავლის, კვლევისა და მუშაობის გამოცდილება. მათ შორის არიან გერმანელი პროფესორ-მასწავლებლებიც. სწავლისას გექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოთ გაცვლით პროგრამებში (Erasmus+, DAAD) და სასწავლებლად გაემგზავროთ გერმანიის რომელიმე უნივერსიტეტში.

გერმანიის კვლევების სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ, ჩაერთოთ გერმანიასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კულტურულსა და სამეცნიერო პროექტში, იმუშაოთ ნებისმიერ გერმანულ საერთაშორისო დაწესებულებაში, ითანამშრომლოთ საგამომცემლო, მთარგმნელობითსა და ტურისტულ სფეროებში, ანდა სწავლა გააგრძელოთ უმაღლესი განათლების მომდევნო საფეხურზე — დოქტორანტურაში. დასაქმების ხელშეწყობის მიზნით პროგრამით გათვალისწინებულია სტაჟირებები შესაბამის ორგანიზაციებსა და უწყებებში.

პროგრამაზე ჩაბარების მსურველ და სხვა დაინტერესებულ პირებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას გაუზიარებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორები და ადმინისტრაციის თანამშრომლები:

  • ლევან ცაგარელი - გერმანიის კვლევების პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი
  • ელენე კიკალიშვილი - ხარისხის მართვის სამსახურის სპეციალისტი

შეხვედრაზე გაეცნობით ინფორმაციას პროგრამის სტრუქტურაზე, სწავლების ფორმატსა და მეთოდებზე, მიღების პროცედურებზე, გაცვლით პროგრამებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე.

ასევე გექნებათ შესაძლებლობა, დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღოთ ამომწურავი პასუხები პროფესორებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისგან.

პროგრამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://shorturl.at/glnpx

შეხვედრა გაიმართება ონლაინ ფორმატში.

შეხვედრის ბმული: https://shorturl.at/xzBSX

დრო: 4 ივლისი,19:00 საათი

2023

ბანერები