


„როგორ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი და სხვათა მსჯელობის სანდოობა და არასანდოობა?“ – ასისტენტ-პროფესორ თამაზ თოხაძის საჯარო მოხსენება
ღონისძიებები
16 თებერვალს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მკვლევარი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი თამაზ თოხაძე წაიკითხავს საჯარო მოხსენებას „როგორ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი და სხვათა მსჯელობის სანდოობა და არასანდოობა?“
მოხსენების შესახებ
სიტუაციები, სადაც მხედველობაში უნდა მიიღოთ თქვენი და სხვათა სანდოობა ძალიან ხშირია, როგორც ყოფით საკითხებზე ფიქრის დროს, ისე პოლიტიკურ, სოციალურ და მეცნიერულ საკითხებზე მსჯელობისას.
მაგალითად, რამდენად სარწმუნოა თქვენი დასკვნები ეკონომიკაზე, ეკონომიკურ საკითხებზე თქვენი მსჯელობის სანდოობის ხარისხის გათვალისწინებით? როგორ უნდა გაითვალისწინოთ სანდო ექსპერტის პოზიცია? როგორ უნდა მიიღოთ მხედველობაში თანაბრად სანდო ადამიანთან უთანხმოება?
მოხსენებაში პროფესორი იკვლევს იმ გონივრულ ნორმას, რომელიც მსგავს საკითხებზე პასუხის გასარკვევად შეგვიძლია მოვიხმოთ:
კალიბრაციის ნორმა: თუ თქვენ E მტკიცებულებაზე დაყრდნობით გამოგაქვთ დასკვნა რომ H, მაშინ თქვენი დაჯერების ხარისხი H-ის მიმართ უნდა უდრიდეს თქვენს წინარე მოსალოდნელ სანდოობას.
როგორც ეს არსებულ ლიტერატურაში შენიშნეს, კალიბრაციის ნორმის მიღება არაერთ საინტერესო და რთულ პრობლემას აჩენს (იხილეთ – Roger White “On Treating Oneself and Others as Thermometers”). მოხსენებაში პროფესორი იკვლევს კალიბრაციის ნორმის პრობლემებს და შესაძლო გზებს ამ პრობლემებთან გასამკლავებლად.
მომხსენებლის შესახებ
- თამაზ თოხაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია
ფილოსოფიის მიმართულებით, არის სასექსის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი. მისი ძირითადი კვლევითი მიმართულებებია ეპისტემოლოგია (სოციალური ეპისტემოლოგია, ტრადიციული და ფორმალური ეპისტემოლოგია და მათი გადაკვეთა) და მეცნიერების ფილოსოფია. მას ასევე აქვს კვლევითი ინტერესები ცხოველთა ეთიკაში, რელიგიის ფილოსოფიაში და სტატისტიკის ფილოსოფიაში.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 16 თებერვალი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1
დასწრება თავისუფალია.
2024