


ქართული კამერული მუსიკის პანორამა
ღონისძიებები
10 ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გაიმართება ილიაუნის სტუდენტი და კურსდამთავრებული კომპოზიტორების კონცერტი, რომლის ინიციატორი და შემსრულებელია კამერული ორკესტრი ,,თბილისის კონცერტინო".
პროგრამაშია:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპოზიციის მიმართულების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების, გიორგი გაბუნიას, ალექსი უთურგაიძისა და ანზორ კიკნაველიძის ნაწარმოებები.
სოლისტები:
- თამარ ჟვანია (ფორტეპიანო)
- ზაზა თორაძე (ალტი)
- სალომე კვალიაშვილი (სოპრანო)
- დირიჟორი - გიორგი შილაკაძე.
1. გიორგი გაბუნია - ,,The Interplay of Tones''
კომპოზიციის სახელწოდება ორი ინსტრუმენტის - ალტისა და ფორტეპიანოს - მუსიკალურ „დიალოგებს“ უკავშირდება.
ნაწარმოები სამი ძირითადი მონაკვეთისგან შედგება, რომლებსაც ერთმანეთთან ორი განსხვავებული და ერთგვარად განტვირთვის ფუნქციის მატარებელი ალეატორული სექცია აკავშირებს.
ალტის პარტია მიკროტონულია და მეოთხედი ტონებით აღმა მოძრაობაში გამოიხატება, ხოლო ფორტეპიანოს პარტიას საფუძვლად ყველა ინტერვალური 12-ტონიანი სერია უდევს. სერიიდან მიიღება კომპოზიციის როგორც ჰორიზონტალი („მელოდია“), ისე ვერტიკალი („ჰარმონია“). იგივე სერია უდევს საფუძვლად პირველი ალეატორული სექციის ალტის პარტიასაც.
ალტის აღმავალი მეოთხედი ტონები და ფორტეპიანოს ქრომატული ენა ალეატორულ სექციებთან ერთად წარმოქმნიან გარემოს, სადაც ბგერების ურთიერთქმედება სპეციფიკური და არაპროგნოზირებადია.
2. ალექსი უთურგაიძე - ტბა
ტბას, რომელიც ამ კომპოზიციის შთაგონების წყარო გახდა, კონკრეტული გეოგრაფიული მდებარეობა აქვს. იმ საღამოს განვითარებული მოვლენები დროსა და სივრცეში გაიყინა, ჩემს მეხსიერებაში დარჩა და დროთა განმავლობაში სხვა, განზოგადებული სახე მიიღო. ფიზიკურ სხეულებს აბსტრაქტული და სუბიექტური რეალობა დაემატა. კომპოზიციის წერის დროს არაერთხელ ვცდილობდი, ინსტრუმენტთან მარტო დარჩენილს აღმედგინა მომხდარის ქრონოლოგია. ამისთვის დღევანდელი ,,მე“ უნდა დამევიწყებინა და მაშინდელი ,,მე“ დროებით გაცოცხლებულიყო. ამის უკან დგას სურვილი, მსმენელი დროებით მოვაშორო სამყაროს, სადაც ყოველდღიური დარდი ხელს გვიშლის მარადიულზე ფიქრში.
კომპოზიცია ხუთი ნაწილისგან შედგება, სადაც ნაწილებს შორის არ არსებობს პაუზა. „ტბას“ გააჩნია ორი ვერსია, ესენია: აკუსტიკური და ელექტროაკუსტიკური. დღეს აკუსტიკური ვერსიის პირველი სამი ვერსია შესრულდება.
3. ანზორ (ანრი) კიკნაველიძე - Dream Deferred
ნაწარმოების პირველ რედაქციაზე მუშაობა 2016 წელს დაიწყო. ის მცირე ინსტრუმენტული ანსამბლის და ტენორისთვის იყო განსაზღვრული. ამჟამინდელი - მეორე - რედაქცია ადაპტირებულია სიმებიანი ანსამბლის, ფორტეპიანოსა და სოპრანოსთვის. ხუთნაწილიან კომპოზიციაში სამ შედარებით მსხვილ ვოკალურ-ინსტრუმენტულ ნაწილს შორის ორი მოკლე საკრავიერი ინტერმეცოა განთავსებული.
კომპოზიციის სათაური Dream Deferred („შეყოვნებული, გადადებული, გადავადებული ოცნება“) ლენგსტონ ჰიუზის ლექსიდან Harlem (1951) მოდის. პირველი ნაწილის ლათინური ტექსტი აღებულია სენეკას ტრაგედიიდან „ჰერკულესი“, თუმცა ის ასევე ეპიგრაფია ტომას სტერნზ ელიოტის ლექსისა Marina (1930). მეორე და მესამე ნაწილების ტექსტები ედგარ ალან პოს ლექსიდან A Dream within a Dream („სიზმარი სიზმარში“, 1849) გახლავთ. ტექსტებს და შესაბამისად, მთლიან ნაწარმოებსაც გაურკვევლობის, გმირის დროსა და სივრცეში დაკარგულობის, ცხადსა და სიზმარს შორის ზღვრის ბუნდოვანების თემა გასდევს.
კამერული ორკესტრი „თბილისის კონცერტინო“ 1988 წელს დააარსა ცნობილმა კომპოზიტორმა და დირიჟორმა შავლეგ შილაკაძემ. 1989-1990 წლებში ორკესტრი საქმიანობას საქართველოს კულტურის ფონდის ეგიდით ეწეოდა.1989 წლის შემოდგომაზე ორკესტრმა მონაწილეობა მიიღო თელავის პრესტიჟულ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში „ქება ვაზისა“, რაც ახალშექმნილი ორკესტრის აღიარების დასტური იყო. 1990-2005 წლებში „თბილისის კონცერტინო“, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშემსრულებლო ანსამბლი, საქართველოს ახალგაზრდა შემოქმედთა გაერთიანებაში შედიოდა. 2006 წლიდან „თბილისის კონცერტინო“ აგრძელებს საკონცერტო მოღვაწეობას როგორც თავისუფალი საშემსრულებლო ანსამბლი. წლების განმავლობაში ორკესტრის ერთგული პარტნიორია შვეიცარიული ფონდი „Raum für Kultur“, რომლის პრეზიდენტის, ქ. მარინა მილცის ძალისხმევით ორკესტრი დღემდე ეწევა საკონცერტო ცხოვრებას. დაარსებიდან დღემდე ორკესტრს მრავალი აკადემიური და საგანმანათლებლო კონცერტი აქვს ჩატარებული საქართველოში თუ საზღვარგარეთ. ორკესტრის რეპერტუარი მეტად მრავალფეროვანია. მრავალი კომპოზიცია საქართველოში პირველად სწორედ „თბილისის კონცერტინოს“ შესრულებით აჟღერდა.
პროექტი „ქართული კამერული მუსიკის პანორამა“ ორკესტრმა 2014 წელს, მისი დამაარსებლისა და სამხატვრო ხელმძღვანელის, შავლეგ შილაკაძის ინიციატივით დაიწყო.
ეს მუდმივმოქმედი ფესტივალი მიზნად ისახავს პუბლიკისთვის სხვადასხვა დროის ქართული კამერული მუსიკის გაცნობას, თანამედროვე კომპოზიტორების მხარდაჭერასა და სტიმულირებას.
დღევანდელი კონცერტი არის ამ პროექტის რიგით მე-15.
გიორგი შილაკაძე ორკესტრში 1988 წლიდან მუშაობს როგორც კლავესინზე, ორგანზე, საყვირზე შემსრულებელი და დირიჟორის ასისტენტი. 1996 წლიდან ის ორკესტრის დირიჟორი ხდება.1998-2003 წლებში გიორგი სტაჟირებას გადის საარბრუკენსა და მანჰეიმში (ხელმძღვანელები: პროფ. მაქს პომერი და კლაუს არპი). მისი სადირიჟორო რეპერტუარი ვრცელია და მოიცავს XVIII-XXI საუკუნის კომპოზიტორთა ნაწარმოებებს, რომელთაგანაც არაერთი (მათ შორის ბარტოკის, ელგარის, კრაისლერის, სიბელიუსის, შმიდტის, შტრაუსის და სხვ.) საქართველოში პირველად სწორედ მისი დირიჟორობით შესრულდა, რიგი მათგანი კამერული ორკესტრისათვის მისივე რედაქტირებით. გიორგი შილაკაძეს დირიჟორობით ორკესტრს შესრულებული აქვს ქართველ კომპოზიტორთა მრავალი ნაწარმოები, მათ შორის რამდენიმე ათეული პირველად.
გიორგი გაბუნიას ურთიერთობა მუსიკასთან ბავშვობის წლებიდან იწყება. მას დამთავრებული აქვს მუსიკალური შვიდწლედი, რასაც რამდენიმე წლის განმავლობაში „ნიჭიერთა ათწლედის“ ფორტეპიანოს ფაკულტეტზე სწავლა მოჰყვა. სკოლის დამთავრების შემდეგ გიორგიმ ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე ჩააბარა, მაგრამ მალევე დაუბრუნდა მუსიკას. 2018 წელს მან ჩააბარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის პროგრამაზე კომპოზიციის მიმართულებით, რის შემდგომაც პროფესია და სამომავლო გეგმები მუსიკას დაუკავშირა. ბაკალავრიატის წარმატებით დამთავრების შემდეგ სწავლა პოსტპროდუქციის კომპანია „პოსტრედში“გააგრძელა. მისი ინტერესები ძირითადად თანამედროვე აკადემიურ და ექსპერიმენტულ მუსიკას უკავშირდება.
ალექსი უთურგაიძე დაიბადა თბილისში 1996 წელს. 2010 წელს დაამთავრა სულხან ცინცაძის სახელობის N16 ხელოვნების სკოლა ფორტეპიანოს განხრით. მისი სიტყვებით, მუსიკა არ უყვარდა, თუმცა მოგვიანებით ეს რადიკალურად შეიცვალა. 2020 წელს ალექსიმ გადაწყვიტა, ტურიზმის სფეროსთვის თავი დაენებებინა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მობილობის წესით გადმოვიდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის პროგრამაზე კომპოზიციის მიმართულებით, სადაც პროფ. მარინა ადამიას ხელმძღვანელობით სწავლობს.
ანრი კიკნაველიძე დაიბადა 1990 წელს ბაღდათში. 2007 წლიდან სწავლობდა ბიზნესის ადმინისტრირებას ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, ხოლო შემდგომ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. დაწყებითი მუსიკალური განათლება არ მიუღია. მუსიკით პროფესიულად დაინტერესდა ილიაუნიში სწავლის დროს, როცა თავისუფალი კრედიტების სახით გაიარა მუსიკის პროგრამის რამდენიმე კურსი. 2012 წლიდან ანრი მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. სამხედრო სამსახურის პარალელურად მან შეიცვალა პროფესიული მიმართულება და 2016 წელს დაამთავრა ილიაუნი კომპოზიციის მიმართულებით. ამჟამად ანრი ინგლისურ ენას ასწავლის და ერთდროულად ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის მაგისტრანტია. უკვე წლებია, ანრი მუშაობს ქართულენოვან ,,ვიკიპედიაზე“, სადაც ძირითადად კლასიკური და თანამედროვე აკადემიური მუსიკის შესახებ წერს სტატიებს.
დრო: 10 ივლისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის N32
დასწრება თავისუფალია.
2023