მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ქართულ-ფრანგული პოეზიის საღამო

ღონისძიებები

29 მარტს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  T102 საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ქართულ-ფრანგული პოეზიის საღამო, შეხვედრა ფრანგულენოვან პოეტ ხათუნა მზარელუასთან, მთარგმნელებთან ბაჩანა ჩაბრაძესა (რომელიც ღონისძიებაში ონლაინ ჩაერთვება) და მერაბ მიქელაძესთან.

ხათუნა მზარელუა, დამოუკიდებელი ჟურნალისტი, იკვლევს თანამედროვე ცეკვას, პოეზიას, პარფიუმერიას. არის სამი კრებულის ავტორი, მათ შორის ორი გამოცემულია საქართველოში, მესამე გამოვა საფრანგეთში. ფრანგული რენესანსის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ წარდგენილი ფრანგული რენესანსის ფრანკოფონული ღირებულებების ოქროს მედლის პირველი მფლობელია. იგი წარადგენს თავის სამ კრებულს, ისაუბრებს, რა ადგილი უკავია მის შემოქმედებაში ფრანგულ ენას და რატომ გადაწყვიტა ლექსების წერა მოლიერის ენაზე.

ბაჩანა ჩაბრაძე და მერაბ მიქელაძე ისაუბრებენ მთარგმნელობით საქმიანობაზე, ზოგადად თარგმანთან, განსაკუთრებით კი პოეზიის თარგმნასთან, დაკავშირებულ პრობლემებზე.

ბაჩანა ჩაბრაძე, ქართული და ფრანგულენოვანი ავტორი და მთარგმნელი, არაერთი ლიტერატურული პრემიის ლაურეატია, მრავალ ჟურნალშია დაბეჭდილი ქართველი და ფრანგი ავტორების ლექსების, პიესების, ნოველების, ესეების მისი თარგმანები. ავტორია ქართულ და ფრანგულ ენებზე დაწერილი ლექსების ცხრა კრებულისა.

იგი წარადგენს საფრანგეთში გამოცემულ ფრანგულ ენაზე თარგმნილი ქართველი პოეტების ლექსების ორ წიგნს: თხუთმეტი ქართველი პოეტი ქალის ლექსების კრებულს Je suis nombreuses. Quinze poètes géorgiennes და ოცი ქართველი პოეტის ლექსების კრებულს Le train de Koutaïssi : vingt poètes géorgiens. აგრეთვე ფრანგულიდან ქართულად ნათარგმნ კრებულს Chanson française (ფრანგული სიმღერა): Brassens, Ferré, Brel, Gainsbourg, Vian.

მერაბ მიქელაძე, ანთროპოლოგიის დოქტორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელია. გამოცემული აქვს ფრანგი პოეტთა თარგმანების სამი კრებული. პირველი კრებული „სევდა და იდეალი“ მკითხველს აცნობს შარლ ბოდლერის ლექსებს, მეორე, „მოძრაობა და უძრაობა დუვისა“ – ივ ბონფუას, ხოლო მესამე, „ფრანგული პოეზიიდან“, პიერ დე რონსანის, ვიქტორ ჰიუგოს, არტურ რემბოს, სტეფან მალარმეს რჩეულ ლექსებს. თარგმნილი აქვს ჟან დე ლა ფონტენის იგავ-არაკები და კლოდ-ლევი სტროსის ტოტემიზმი დღეს“.

სტუმრები უპასუხებენ დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს. საშუალო სკოლებისა და უნივერსიტეტების ფრანგულენოვანი მოსწავლეები და სტუდენტები წაიკითხავენ მათ მიერ შერჩეულ ლექსებს.

ფორმატი: ჰიბრიდული

Join Zoom Meeting https://bit.ly/3kU2ROy

Meeting ID: 865 9929 6941

Passcode: 404033

სამუშაო ენა: ფრანგული

დრო: 29 მარტი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 საკონფერენციო დარბაზი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 

2023 წელი

ბანერები