მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროექტის „საბჭოთა წარსულის რეპრეზენტაცია პოსტსაბჭოთა ქართულ მწერლობაში“ შედეგების წარდგენა

ღონისძიებები

6 აპრილს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის პროფესორები ლევან ცაგარელი და სალომე პატარიძე დოქტორანტ ნინო ბოკუჩავასთან ერთად წარადგენენ კვლევის  „საბჭოთა წარსულის რეპრეზენტაცია პოსტსაბჭოთა ქართულ მწერლობაში“ შედეგებს.

პროექტის მიზანია შერჩეული ლიტერატურული ტექსტების შედარებითი ანალიზის საფუძველზე პოსტსაბჭოთა ხანის ქართულ მწერლობაში საბჭოთა წარსულის რეპრეზენტაციის თავისებურებების შესწავლა და  ამ ნარატივების გავლენის გარკვევა ქართული პოსტსაბჭოთა იდენტობის ჩამოყალიბებაზე. კვლევა ხელს უწყობს საზოგადოების მიერ საბჭოთა წარსულის გააზრება-დამუშავების პროცესს, რაც აისახება როგორც საჯარო დებატებში საბჭოთა მემკვიდრეობის შესახებ, ისე კოლექტიური ტრავმების გაცნობიერებასა და გადალახვაში.

პროექტის ფარგლებში გამოიცა სახელმძღვანელო „ლიტერატურა და კოლექტიური მეხსიერება“, მომზადდა პუბლიკაციები ადგილობრივი და საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალებისთვის და შემუშავდა ორი ახალი სასწავლო კურსის სილაბუსი: შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრანტებისთვის – „მეხსიერების კვლევები და ლიტერატურა“ (ასისტენტ-პროფესორი სალომე პატარიძე) და ფილოლოგიის დოქტორანტებისთვის – „ტრავმა ლიტერატურასა და კულტურაში: თეორიული პოზიციები და ანალიტიკური მიდგომები“ (პროფესორი ლევან ცაგარელი).

გარდა ამისა ბერლინის ჰუმბოლდტისა და ვენის უნივერსიტეტებში კვლევითი მივლინებების შედეგად მომზადდა ათი სამაგისტრო და სამი სადოქტორო ნაშრომი, რომელთა შესახებაც შეხვედრაზე მკვლევართა გუნდის წევრები ისაუბრებენ.

კვლევა განხორციელდა 2022-2025 წლებში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის (№FR-22-793) ფარგლებში.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 6 აპრილი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2026

ბანერები