


პროექტი - ”დოქტორანტთა ფორუმი”
2014 წლის გაზაფხულის სემესტრიდან მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი იწყებს ახალი პროექტის - „დოქტორანტთა ფორუმი“ განხორციელებას. ფორუმის მიზანია მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე მიმდინარე სადოქტორო კვლევითი პროექტების საჯარო პრეზენტაციების გზით წაახალისოს აკადემიური დისკუსია დოქტორანტების კვლევითი პროექტების გარშემო. პროექტში მონაწილეობის მიღება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ყველა დაინტერესებულ დოქტორანტს შეუძლია.
გაცნობებთ, რომ პროექტის ფარგლებში პირველი საჯარო პრეზენტაცია გაიმართება 28 მარტს, 19.00 საათზე, წიგნის მაღაზიაში „ლიგამუსი“. მომხსენებელია სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ხელოვნების ინტერდისციპლინური პროგრამის დოქტორანტი, ვახტანგ კეკოშვილი. მოხსენების თემაა:
„ქურდული გაგება“ როგორც ცოდნის, მორალის და ფასეულობების ინტეგრირებული სისტემა სოციალურ-ანთროპოლოგიური თვალსაწიერიდან".
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება კვლევითი პროექტის სამუშაო ვერსია, სადაც მკვლევარი აუდიტორიას გააცნობს კვლევის თეორიულ და მეთოდოლოგიურ ჩარჩოს. მკვლევარს ამ შემთხვევაში აინტერესებს კანონიერი ქურდების, როგორც სოციალური ინსტიტუტის "დაუწერელი კანონები", ანუ ის რასაც თავად "გაგებას" უწოდებენ, თუ რატომ და როგორ იყო შესაძლებელი რომ „გაგება“ კონსტრუირდა იმ სახით, რა სახითაც ის დღეს გვხვდება. რადგანაც კვლევა ჯერ ისევ მიმდინარეობს, სწორედ ამიტომ პრეზენტატორი კვლევის მიზანთან ერთად წარმოადგენს მხოლოდ მეთოდოლოგიურ და თეორიულ ჩარჩოს და შეეცდება დაასაბუთოს, თუ რატომ შეირჩა კვლევის კონკრეტული მეთოდი და რომელი თეორიული ჩარჩოთი შეიძლება აღნიშნული ფენომენის ეფექტიანად შესწავლა და გამოკვლევა.