მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ნინო აივაზიშვილი-გენეს წიგნის „მოქალაქეობა საზღვარზე. ქართულენოვანი ინგილოები აზერბაიჯანში“ პრეზენტაცია

ღონისძიებები

3 ნოემბერს, 19:00 საათზე, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ეგიდით საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება ანთროპოლოგ ნინო აივაზიშვილი-გენეს წიგნის „მოქალაქეობა საზღვარზე. ქართულენოვანი ინგილოები აზერბაიჯანში“ პრეზენტაცია.

ღონისძიებას მოდერირებას გაუწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ანთროპოლოგი ქეთევან გურჩიანი. 

ნინო აივაზიშვილი-გენეს წიგნი გერმანულად გამოსცა სამეცნიერო გამომცემლობამ Reichert Verlag.

ავტორი ეთნოგრაფიულად იკვლევს, ერთი მხრივ, სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის ზოგად ურთიერთობას აზერბაიჯანში, მეორე მხრივ, კონკრეტული ეთნიკური უმცირესობის სტატუსის როლს ამ კონკრეტული, ნაწილობრივ ქრისტიანული, ნაწილობრივ მუსლიმური, ჯგუფის ცხოვრებაში.

მკვლევარი ყურადღებას ამახვილებს წარმომადგენლობის პრობლემაზე და სვამს შეკითხვებს: ვის უკავია ეთნიკური ჯგუფის ხელმძღვანელობის პოზიცია? ვინ საუბრობს უმცირესობაზე და ლეგიტიმაციის რა სტრატეგიების მეშვეობით? როგორ ინტეგრირდებიან აზერბაიჯანის სახელმწიფოს სტრუქტურებში ინგილოები? რა ფორმებსა და მნიშვნელობებს იძენს მოქალაქეობა მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში?

ავტორის შესახებ

ნინო აივაზიშვილი-გენე ვენის უნივერსიტეტის ტრანსფორმაციის ისტორიის კვლევითი ცენტრისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მოწვეული მკვლევარია. მან სოციალური ანთროპოლოგიის დოქტორის ხარისხი მიიღო მარტინ-ლუთერის უნივერსიტეტში (ჰალე-ვიტენბერგი). სადოქტორო პროექტი დააფინანსა გერდა-ჰენკელის ფონდმა. იგი იყო მაქს პლანკის სოციალური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის ასოცირებული წევრი ჰალეში. 2015-2018 წლებში მუშაობდა სოციალურ და საგანმანათლებლო სექტორში ლტოლვილებსა და მიგრანტთა ორგანიზაციებთან ვუპერტალსა და ესენში (გერმანია). 2018-დან 2020 წლამდე ბოხუმის რურის უნივერსიტეტში ასწავლიდა პოლიტიკური ანთროპოლოგიის, საზღვრების ანთროპოლოგიის, მოქალაქეობისა და ეთნოგრაფიული საველე სამუშაოების საბაკალავრო და სამაგისტრო კურსებზე. 2020 წლიდან ილიაუნის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრია. 2021 წლის მარტიდან მუშაობს ვენის უნივერსიტეტში. 2021 წელს იყო ოსნაბრიუკში (გერმანია) მიგრაციის კვლევისა და კულტურათაშორისი კვლევების ინსტიტუტის მიწვეული მკვლევარი, ხოლო 2022 წელს – ბირმინგემის (დიდი ბრიტანეთი) გერმანული და ევროპული კვლევების ინსტიტუტის მიწვეული მეცნიერი. ამჟამინდელ პროექტში „კარგი ცხოვრების ძიება“ გერმანიაში“ მკვლევარი ყურადღებას ამახვილებს ყოფილი სსრკ-ის ხალხზე ქალაქ ოსნაბრიუკში. ეს იქნება მისი მეორე წიგნის თემა. ნინოს პუბლიკაციები მოიცავს მოქალაქეობის, საზღვრების, ეთნიკური კუთვნილების, მიგრაციის, საზოგადოებრივი და რელიგიური ცერემონიების საკითხებს.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 3 ნოემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორია, მესამე კორპუსი (ლ.გუდიაშვილის ქ. N7), მიწისქვეშა სართულზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

2023

 

ბანერები