მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ნიკოლას მაჩაბლისა და ნანი მანველიშვილის წიგნების პრეზენტაცია

ღონისძიებები

29 იანვარს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში გაიმართება ნიკოლას მაჩაბლის წიგნის „ჩაინა კონტრასტებიდან“ და ნანი მანველიშვილის „ოდისევსის სინდრომის“ პრეზენტაცია.

„ჩაინა კონტრასტებიდან“

ნიკოლას მაჩაბლის წიგნი „ჩაინა კონტრასტებიდან" ერთ ახალგაზრდა ავანტიურისტზე მოგვითხრობს, რომელიც საჯარო სამსახურითა და უმადური უფროსებით უკმაყოფილების გამო სამშობლოდან წავა, მათ სამაგიეროს გადაუხდის და შორეულ აზიაში გაიქცევა ახალი მაღალანაზღაურებადი სამსახურისთვის. იქ აღმოაჩენს, რომ ერთადერთი უცხოელია, რომელიც ქალაქში ცხოვრობს ამიტომ მას განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობიან ადგილობრივები, ნიკოლასი დაუმსახურებელი პოპულარობის ზენიტშია, როცა მოულოდნელად ქრთამში გაეხვევა, უცნაური ამბები ერთმანეთს მიეწყობა, და სრულიად შემთხვევით ქრისტიანული სექტის იატაკქვეშეთა შეკრებაზეც კი აღმოჩნდება. მკითხველს ელის უცნობი და უცნაური ფორმის თავგადასავალი, ნიკოლასთან ერთად გადის ამ მისტიკურ და იგავ-არაკულ გზას, რომელიც მკითხველს საგონებელში აგდებს... წიგნი მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: კულტურათა შორის განსხვავება, სამშობლოს მონატრება, აბორტების მსოფლიო პრობლემა, რელიგიური ორგანიზაციები კომუნისტურ ჩინეთში, საერთოდ თანამედროვე ადამიანის გამოწვევებით სავსე სამყარო.

„ოდისევსის სინდრომი“

ნანი მანველიშვილის სადებიუტო ნაშრომი „ოდისევსის სინდრომი“ ქართველი ემიგრანტების შეულამაზებელ ყოვედღიურობას ასახავს. რომანის მთავარი გმირები არიან ქალები, რომლებიც უკეთესი მომავლის იმედით ტოვებენ საკუთარ ცხოვრებას და მიდიან საზღვარგარეთ. სად არის საშველი და გამოსავალი? – ეს კითხვა არ დაგტოვებთ არც კითხვისას და არც მისი დასრულების შემდეგ. თქვენ წინაშეა წიგნი უცხო ქვეყანაში გადახვეწილ დედებზე, ცოლებზე, დებზე, რომლებიც თავს დასტრიალებენ სხვების შვილებს, რათა საკუთარი შვილებისთვის პურის ფული გამოიმუშაონ, ებრძვიან გაუსაძლის მონატრებას, უვლიან დავრდომილ მოხუცებს. წიგნი მივიწყებულ ოცნებებზე, მახინჯ სტერეოტიპებზე, სიღარიბეზე, უმომავლობაზეა. მთავარი გმირი რთულ არჩევანს აკეთებს და უკეთესის იმედით სამშობლოდან მიდის, გარკვეული დროის შემდეგ კი უჭირს, გაერკვეს, სწორად მოიქცა თუ არა. ამაზე დაფიქრდება მკითხველიც.


დრო: 29 იანვარი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები