მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მუსლიმური საზოგადოების ტრანსფორმაცია ქალების ტრანსფორმაციის გზით: მუსლიმი ქალების რეფორმაცია აზერბაიჯანში, 1890-1920

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამა წარმოგიდგენთ ლექციათა ციკლს რელიგიის კვირეულის ფარგლებში. 21-დან 25 ივნისის ჩათვლით მოწვეული მომხსენებლები წაიკითხავენ ლექციებს, რომელთა თემატიკა აერთიანებს რელიგიის შესწავლის განსხვავებულ პერსეპექტივებს. მრავალფეროვანია თემათა გეოგრაფიული არეალი და კულტურული კონტექსტიც, რაც საშუალებას იძლევა, რელიგიასთან დაკავშირებული საკითხის თავისებურებები აღმოვაჩინოთ ლოკალურ კულტურაში და უფრო ფართო პერსპექტივით დავინახოთ რელიგიის ფენომენი.

22 ივნისს, 17:00 საათზე, გაიმართება ლექცია თემაზე: „მუსლიმური საზოგადოების ტრანსფორმაცია ქალების ტრანსფორმაციის გზით: მუსლიმი ქალების რეფორმაცია აზერბაიჯანში, 1890-1920"

ახლო აღმოსავლეთსა და ყოფილ საბჭოთა ისლამურ ტერიტორიებზე საზოგადოებრივი ძვრების შესახებ მზარდი ლიტერატურის მიუხედავად, აზერბაიჯანის კულტურული რეფორმაციის ისტორია დიდწილად შეუსწავლელია. უფრო კონკრეტულად, ძველიმპერიულ აზერბაიჯანში მუსლიმი ქალების განათლების, ქალთა საქველმოქმედო საზოგადოებებისა და ქალთა ჟურნალების შესახებ ინფორმაცია ისტორიულ ცნობებში დაცული არ არის, რამაც ხელი შეუწყო მცდარი წარმოდგენის შექმნას, თითქოს მუსლიმურ საზოგადოებაში ქალების როლის ცვლილება საბჭოთა პერიოდამდე არ დაწყებულა. ლექცია მიზნად ისახავს კულტურული მოდერნიზაციის, აზერბაიჯანელი ქალებისა და მათი ტრანსფორმაციის შესახებ ცოდნაში არსებული სიცარიელის შევსებას.

აზერბაიჯანში ქალობისა და დედობის გვიანიმპერიული კონცეპტები, რომლებიც უთავსაბურავო, თანამედროვე და განათლებულ ქალებს გულისხმობდა, დედობასა და წარმოსახვითი პროგრესული ერის – millat-ის ხვედრს დაუკავშირდა. აზერბაიჯანელმა ლიტერატორებმა ახალი ქალის სახე შექმნეს: დამყოლი ცოლი და განსწავლული დედა, რომელსაც მხოლოდ სახელმწიფო ლიდერების, იურისტების, ექიმების, მეცნიერებისა და წესიერი მოქალაქეების აღზრდა შეუძლიათ და სხვა არაფერი. მიუხედავად ამისა, დედობის ახალი კონცეპტის შექმნამ, რომელსაც millat-ი ეფუძნება, გენდერულ ურთიერთობებში ახალი სოციალური ნორმები დააწესა. აზერბაიჯანელი ინტელექტუალები და პოლიტიკოსები პრესის საშუალებით ცდილობდნენ საკუთარი არგუმენტებით დაემტკიცებინათ მუსლიმი ქალებისთვის მეტი თავისუფლების მინიჭებისა და ოჯახსა და საზოგადოებაში დამკვიდრებულ ტრადიციულ იერარქიაზე უარის თქმის აუცილებლობა. თანამედროვე საჯარო განათლების პროგრამამ, საჯარო სკოლებისა და ქალი მასწავლებლების მომზადების ცენტრის დაფუძნებამ დამოუკიდებელი და თანამედროვე განათლებული ქალი ინტელექტუალების, პოლიტიკოსებისა და საჯარო მოსამსახურეების ახალი კოჰორტა შექმნა. მუსლიმი ქალების ახალმა თაობამ განაგრძო აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918-1920) და 1920 წელს, გასაბჭოების შემდეგ, მიმდინარე ქალთა ემანსიპაციის პროგრამები.

მომხსენებელი ელენა აბდულაევა

დრო: 22 ივნისი, სამშაბათი, 17:00-19:00 სთ

ლექცია გაიმართება დისტანციურად, facebook live-ის მეშვეობით.

სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური

2021 წელი

ბანერები