მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მისტიკა, როგორც რელიგიის ხსნა ფუნდამენტალიზმისგან

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამა წარმოგიდგენთ ლექციათა ციკლს რელიგიის კვირეულის ფარგლებში. 21-დან 25 ივნისის ჩათვლით მოწვეული მომხსენებლები წაიკითხავენ ლექციებს, რომელთა თემატიკა აერთიანებს რელიგიის შესწავლის განსხვავებულ პერსეპექტივებს. მრავალფეროვანია თემათა გეოგრაფიული არეალი და კულტურული კონტექსტიც, რაც საშუალებას იძლევა, რელიგიასთან დაკავშირებული საკითხის თავისებურებები აღმოვაჩინოთ ლოკალურ კულტურაში და უფრო ფართო პერსპექტივით დავინახოთ რელიგიის ფენომენი.

23 ივნისს, 17:00 საათზე, გაიმართება ლექცია თემაზე: „მისტიკა, როგორც რელიგიის ხსნა ფუნდამენტალიზმისგან".

ლექციის შესახებ:

ჩვეულებრივ, რელიგიებს მიიჩნევენ ადამიანის გამომხსნელი ფუნქციით აღჭურვილ კულტურულ მოვლენად. მაგრამ გარკვეულ ვითარებაში ნებისმიერი რელიგია დგება საფრთხის წინაშე, რომ ის უმალ აღქმული იქნეს ადამიანისთვის, როგორც ინდივიდისთვის, ასევე მთელი საზოგადოებისთვის, საფრთხის შემცველად. შესაბამისად, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, თვითონ რელიგია დგება ამგვარი ვითარებიდან გამოხსნის საჭიროების წინაშე. ფორმას, რომელსაც რელიგია იღებს ადამიანისთვის საფრთხედ ქცევისას, ფუნდამენტალიზმი ეწოდება. რა გზებით შეიძლება ადამიანის მისგან დახსნა? დღეს საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე ეს შეკითხვა განსაკუთრებული სიმწვავით გაისმის. ხშირ შემთხვევაში გამოსავლად მიიჩნევა სეკულარული სახელმწიფოს გაძლიერება. ლექციაში შევეცდები ვაჩვენო, რომ თუმცა სეკულარული სახელმწიფოს მშენებლობისაკენ სვლა თავისთავად საჭირო საქმეა, ის პრობლემის გადასაჭრელად ვერ შექმნის საკმარის საფუძველს. ამავდროულად საჭიროა რელიგიის იმგვარი ფორმების განვითარებისთვის ხელის შეწყობა, რომლებიც აქცენტს აკეთებს ადამიანის ღმერთთან უშუალო ურთიერთობის გამოცდილებაზე, რაც არის მისტიკა. ამ უკანასკნელს არ გააჩნია ფუნდამენტალიზმისთვის დამახასიათებელი ძალადობრივი გამოვლინებები, მაგრამ ამასთან მივყავართ არათუ რწმენის წინაშე კომპრომისამდე, არამედ ის წარმოადგენს რელიგიური ცხოვრების გულისგულს, რის კულტივირებასაც ემსახურება მასთან შედარებით მეორადი მნიშვნელობის მქონე ყველა დანარჩენი რელიგიური ელემენტი: დოგმა, რიტუალი, კანონი და ა.შ., რომლებიც მისტიკური გამოცდილების ბირთვისგან გაუცხოების შემთხვევაში ნებისმიერ რელიგიურ ტრადიციას ფუნდამენტალიზმის ნაირსახეობად აქცევს. ამიტომ რელიგიის ფუნდამენტალისტური გადაგვარებისგან გათავისუფლების გზად შეიძლება დაისახოს მისტიკის დაბრუნება რელიგიური ცხოვრების ცენტრში.

მომხსენებელი ზურაბ ჯაში

დრო: 23 ივნისი, ოთხშაბათი, 17:00-19:00 სთ

ლექცია გაიმართება დისტანციურად, facebook live-ის მეშვეობით.

სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური

2021 წელი

ბანერები