მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კრებულის „მეხსიერების ადგილები და ქართული ნაციონალური იდენტობის სიმბოლური გარემო“ პრეზენტაცია

ღონისძიებები

19 ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კრებულის მეხსიერების ადგილები და ქართული ნაციონალური იდენტობის სიმბოლური გარემო პრეზენტაცია.

ფორმატი

პრეზენტაცია წარიმართება ჰიბრიდულ ფორმატში და მასზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ფიზიკურ სივრცეში, ისე ონლაინ. პრეზენტაციაზე დასასწრებად საჭიროა შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა და მიუთითოთ თქვენთვის სასურველი ფორმატი.

  • რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულსhttps://bit.ly/3ImhUrF
  • რეგისტრაციის ბოლო ვადა: 17 ივლისი, 23:59 საათი

ფიზიკურ სივრცეში დამსწრეები მიიღებენ საჩუქრად კრებულს.

გაითვალისწინეთ: ღონისძიებაზე ფიზიკურ სივრცეში დასწრებას შეძლებს მხოლოდ 40 რეგისტრირებული პირი, რომელებსაც ადრე ექნებათ რეგისტრაცია გავლილი.

კრებულის შესახებ:

კრებული შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის (N FR17_624) ფარგლებში შესრულებული სამეცნიერო პროექტის კვლევის შედეგია.

კრებულის შემდგენლები და მთავარი რედაქტორები არიან სტივენ ჯონსი და მალხაზ თორია. ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სხვადასხვა დისციპლინის (ისტორია, პოლიტიკის მეცნიერებები, სოციოლოგია, კულტურის კვლევები, შედარებითი ლიტერატურისმცოდნეობა) წარმომადგენლები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა (წამყვანი ორგანიზაცია) და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თანამონაწილე ორგანიზაცია) პროფესორები და ახალგაზრდა მკვლევრები ამ სამეცნიერო პროექტზე 2018-2021 წლებში მუშაობდნენ.

შესრულებული კვლევების საფუძველზე 2021 წელს დაიბეჭდა საერთაშორისო რეფერირებადი აკადემიური ჟურნალის Caucasus Survey სპეციალური ნომერი Rethinking Memory Sites and Symbolic Realms of Georgian National Identity. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში დაიბეჭდა ამავე ნაშრომების ქართულენოვანი კრებული.

სპეციალურ ნომერსა და კრებულში შემავალი თითოეული ნაშრომი საერთო ინტერდისციპლინურ ჩარჩოში თავსდება და ერთმანეთს ავსებს. ავტორები მათ მიერ განხილულ მეხსიერების ადგილებს ქართული კომპლექსური სიმბოლური გარემოს ინტეგრალურ და ურთიერთდაკავშირებულ სტრუქტურულ ელემენტებად მოიაზრებენ. შესაბამისად, ცალკეულ ნაშრომებს შორის ბევრი შეხებისა და გადაკვეთის წერტილია საკვლევი საკითხების, კონცეპტებისა და თეორიული მიდგომების თვალსაზრისით, რამაც ქართული საისტორიო ცოდნის, კოლექტიური მეხსიერებისა და ეროვნული იდენტობის ურთიერთმიმართების საინტერესო სურათი წარმოაჩინა.

კვლევების შესახებ

კვლევებში გამოკვეთილია თანამედროვე ქართული ნაციონალიზმის წარმოქმნისა და დინამიკის გარდამტეხი მომენტები მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე. გენეალოგიური პერსპექტივა საშუალებას იძლევა ქართული საზოგადოების კოლექტიური მეხსიერების ფორმირების ეტაპებს დავაკვირდეთ სხვადასხვა პოლიტიკური კონიუნქტურის კონტექსტში:

  • საქართველოში რუსეთის იმპერიული მმართველობის პერიოდში ქართული ნაციონალიზმის გენეზისის დროს (მე-19 ს. მეორე ნახევრიდან);
  • პირველი რესპუბლიკის, ერის სახელმწიფოს მშენებლობის მოკლე მონაკვეთში (1918-1921);
  • საბჭოთა პერიოდის რადიკალური და ხშირად ტრავმული ტრანსფორმაციების ხანაში (1921-1991);
  • პოსტსაბჭოთა ეპოქაში, როდესაც კოლექტიური მეხსიერების მორიგი, ფუნდამენტური რეკონფიგურაციის ყოვლისმომცველი პროცესი დაიწყო.

კონკრეტულად ავტორებისა და მომხსენებლების ფოკუსში მოექცა უმნიშვნელოვანესი მეხსიერების ადგილები, რომლებიც განაპირობებს ქართული საზოგადოების ისტორიულ ცნობიერებასა და კოლექტიურ მეხსიერებას, მათ შორის:

  • ილია ჭავჭავაძე, როგორც სიმბოლური ფიგურა და მეხსიერების ადგილი;
  • ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი;
  • სტალინის ძეგლები, როგორც კონფლიქტური მეხსიერების ადგილები;
  • თბილისის, როგორც ქართული ნაციონალური იდენტობისა და კულტურული მეხსიერების სიმბოლური არე;
  • დავით IV აღმაშენებლისა და დიდგორის ბრძოლის ნარატივი, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ ისტორიული წარმოდგენების წყარო;
  • ეროვნული იდენტობისა და მეხსიერების ადგილების კონსტრუირება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში მცხოვრებ ქართველ იმიგრანტებში.

დრო: 19 ივლისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: პრეზენტაციაზე ფიზიკურ სივრცეში დასწრების მსურველები მიიღებენ ღონისძიების ჩატარების მისამართს, ხოლო ონლაინ დასწრების მსურველები – ზუმის ბმულს არა უგვიანეს 18 ივლისისა.

2022 წელი

ბანერები