მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ისლამისა და მისი სხვადასხვა წინააღმდეგობრივი რელიგიური მახასიათებლის როლი ჩეჩნეთის პოლიტიკასა და საზოგადოება კადიროვის მმართველობის პირობებში

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამა წარმოგიდგენთ ლექციათა ციკლს რელიგიის კვირეულის ფარგლებში. 21-დან 25 ივნისის ჩათვლით მოწვეული მომხსენებლები წაიკითხავენ ლექციებს, რომელთა თემატიკა აერთიანებს რელიგიის შესწავლის განსხვავებულ პერსეპექტივებს. მრავალფეროვანია თემათა გეოგრაფიული არეალი და კულტურული კონტექსტიც, რაც საშუალებას იძლევა, რელიგიასთან დაკავშირებული საკითხის თავისებურებები აღმოვაჩინოთ ლოკალურ კულტურაში და უფრო ფართო პერსპექტივით დავინახოთ რელიგიის ფენომენი.

25 ივნისს, 17:00 საათზე, ჩატარდება ლექცია თემაზე: „ისლამისა და მისი სხვადასხვა წინააღმდეგობრივი რელიგიური მახასიათებლის როლი ჩეჩნეთის პოლიტიკასა და საზოგადოება კადიროვის მმართველობის პირობებში“.

ლექციაზე საუბარი იქნება ისლამისა და ისლამიზმის როლზე ჩეჩნეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, რომელიც ოფიციალურად რუსეთის ფედერაციის, ხოლო უფრო ფართო რეგიონულ კონტექსტში კი პოსტკომუნისტური აღმოსავლეთ ევროპის კონფლიქტური რეგიონის ნაწილია მრავალეთნიკური და მრავალრელიგიური ხასიათით, რომელშიც ისლამი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩეჩნეთში ნაციონალიზმის, ჯიჰადიზმისა და კადიროვიზმის განვითარების ეტაპების მცირე მიმოხილვის შემდეგ ყურადღება გამახვილდება რადიკალურ ისლამსა და ისლამურ კონსერვატიზმზე, აგრეთვე – სუფიზმზეც, როგორც სადავო რელიგიურ მიმართულებაზე. ეს ყველაფერი კი ნათელს მოჰფენს ჩეჩნეთში არსებულ ამბივალენტურ პოლიტიკურ, სოციალურ და რელიგიურ ვითარებას.

მომხსენებელი ასევე ისაუბრებს კადიროვის ავტორიტარული პოლიტიკის წინააღმდეგობრივ ხასიათზე ამჟამინდელ კონტექსტში. ეს პოლიტიკა რამდენიმე პოლუსს შორის იხლიჩება: 1) მისთვის დამახასიათებელია ერთგულება რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების მიმართ, რომელიც ზოგჯერ სეკულარულია და ზოგჯერ მკაცრად ქრისტიანული, ასევე პუტინიზმის მიმართ ლოიალობა, რომელიც მოიცავს ჯიჰადისტურ მოძრაობებთან ბრძოლასაც; 2) მკაცრად ისლამურ-კონსერვატიული სოციალური პოლიტიკა (რომელიც დროდადრო არღვევს რუსეთის კონსტიტუციას, მაგრამ პუტინი ამას გეოსტრატეგიული მიზეზების გამო „ითმენს“) და 3) ნაწილობრივი თანამშრომლობა მკაცრად ისლამურ, ვაჰაბისტურ საუდის არაბეთთან.

საუბარი იქნება ჩეჩენი ისლამისტების მიერ ჩეჩნეთის გარეთ შესრულებულ როლზეც, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში ისლამური სახელმწიფოს კონტექსტში.

მომხსენებელი კრისტოფ გიზელი

დრო: 25 ივნისი, პარასკევი, 17:00-19:00 სთ

ლექცია გაიმართება დისტანციურად, facebook live-ის მეშვეობით.

სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური

2021 წელი

ბანერები