მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის პროფესორ-მასწავლებელთა განცხადება

განცხადებები

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრი თბილისის ალექსანდრე პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში 1970-იან წლებში დაფუძნდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ცენტრმა ფუნქციონირება განაგრძო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტში, ხოლო 2006 წლიდან – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. შესაბამისად, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 50 წელზე მეტი ხნის ისტორია და ხანგრძლივი ტრადიცია აქვთ. ცენტრის პროგრამების კურსდამთავრებულები წარმატებით ეწევიან შემოქმედებით თუ საგანმანათლებლო საქმიანობას. ამჟამად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის ბაზაზე ხორციელდება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების ორი პროგრამა:

  • „გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“  შინაარსით უნიკალურია. ერთი პროგრამაზე ისწავლება როგორც დაზგური გრაფიკის ყველა სახეობა, ისე გამოყენებითი გრაფიკის სახეობები – ხელნაკეთი შრიფტის, ხელნაკეთი წიგნისა და ილუსტრაციის ხელოვნება. ამასთან სტუდენტები ეუფლებიან კომპიუტერული გრაფიკის რამდენიმე პროგრამას, რაც უადვილებს მათ ზემოთ ჩამოთვლილ დარგებში მუშაობას. საგანმანათლებლო პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს შემდეგ არჩევით კურსებს: ენკაუსტიკის ხელოვნება, პეიზაჟის ხელოვნება, სიუჟეტური კომპოზიცია. ამ დისციპლინების ერთობლიობა აყალიბებს მრავალდარგობრივ სპეციალისტს ფართო შემოქმედებითი დიაპაზონით. აღსანიშნავია, რომ პროგრამაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ისეთ საბაზისო/სავალდებულო დისციპლინებს, როგორებიცაა: ხატვისა და ფერწერის სასწავლო კურსები და პლასტიკური ანატომია. ეს კურსები უდავოდ მნიშვნელოვანი საფუძველია ხელოვნების ნებისმიერი დარგის ხარისხიანად შესასწავლად.
  • „გამოყენებითი ხელოვნება ─ მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისათვის“ – მსგავსი ფოკუსით პროგრამა ისწავლება მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის ბაზაზე. კერძოდ, პროგრამა ამზადებს მოქანდაკე კერამიკოსებს ინტერიერისა (საზოგადოებრივი ან კერძო შენობების ფოიეების, დარბაზების, სასტუმროების, კვების ობიექტებისა და სხვა შიდა სივრცეების) და ექსტერიერის (პარკების, სკვერების, დაწესებულებათა გარე სივრცეებისა და სხვა) მონუმენტური კერამიკული ქანდაკებებით დეკორირებისთვის. ამასთან, პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს შემდეგ  მომიჯნავე დარგობრივ არჩევით კურსებს: ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი, მხატვრული მინის დიზაინი, ენკაუსტიკის ხელოვნება, ოქრომჭედლობა და მინანქრის ხელოვნება. ეს დისციპლინები აფართოებს კერამიკოსის შემოქმედებით არეალს. კურსდამთავრებული შეძლებს ნამუშევარში ინტეგრირებულად გამოიყენოს დამხმარე დისციპლინები, რაც მის ნამუშევარს მეტად ორიგინალურსა და საინტერესოს გახდის. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტეგრირებამ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრს განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა. მრავალდარგოვანი უნივერსიტეტი საშუალებას იძლევა სახვით და გამოყენებით ხელოვნებას აზიაროს არა მხოლოდ ის სტუდენტი, რომლის ძირითადი სპეციალობა ხელოვნებაა, არამედ სრულიად განსხვავებული სპეციალობის სტუდენტიც. შემოქმედებითობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ნებისმიერი სპეციალობის ადამიანისთვის. სწორედ ხელოვნება გამოუმუშავებს სხვადასხვა დარგის სპეციალისტს არა მხოლოდ ესთეტიკური აღქმისა და საზოგადოებაში ინტეგრირების უნარს, არამედ კრეატიულ აზროვნებასაც, რომელიც ნებისმიერი დარგის სპეციალისტისთვის აუცილებელია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის პროფესორ-მასწავლებლებისთვის მიუღებელია სახვითი და გამოყენებითი მიმართულების ამ საგანმანათლებლო პროგრამების გაუქმება.

სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში არსებული შინაარსობრივად განსხვავებული ან მეტ-ნაკლებად მონათესავე პროგრამების არსებობა ჯანსაღი კონკურენციის საფუძველია.

შალვა მატუაშვილი, პროფესორი, საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი
თამარ ცაგარელი, საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი
თამარ ნინიკაშვილი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის დირექტორი, მასწავლებელი
ირაკლი ტოკლიკიშვილი, ასისტენტ-პროფესორი

მოწვეული მასწავლებლები:
რამაზ არავიაშვილი
გიორგი გაგნიძე
ტერეზა გველესიანი
მარინა ნასიძე
ქეთევან მელია
ანა ჯაფარიძე
თამარ ხარბედია
ნინო მუმლაძე
ლეილა გრიგოლია
ლევან ხარაზიშვილი
ნინო ტკაჩოვა
მარიამ ჯანელიძე
ვაჟა ტარასაშვილი
ნინო ჩარგეიშვილი

2026

ბანერები