მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სამაგისტრო პროგრამა „ლექსიკოგრაფია, ტერმინოლოგია და თანამედროვე ტექნოლოგიები“

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ახალ სამაგისტრო პროგრამაზე „ლექსიკოგრაფია, ტერმინოლოგია და თანამედროვე ტექნოლოგიები“.

სამაგისტრო პროგრამის მიზანია საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით მოამზადოს ლექსიკოგრაფი, რომელიც დარგობრივი ცოდნისა და უნარების გამოყენებით დამოუკიდებლად შეძლებს სიტყვის მნიშვნელობის კვლევას, სალექსიკონო სიტყვა-სტატიის შესაქმნელად საჭირო მონაცემების მოძიებას, დამუშავებასა და გარდაქმნას სალექსიკონო სიტყვა-სტატიად თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით; დამოუკიდებლად შეძლებს კვლევის განხორციელებას თეორიული ლექსიკოგრაფიის სხვადასხვა მიმართულებით ქართული ლექსიკოგრაფიის აქტუალური ამოცანების ეფექტურად გადასაჭრელად და იქნება კონკურენტუნარიანი კადრი პროფესიულ საქმიანობაში.

სამაგისტრო პროგრამა ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის“ ბაზაზე და მინიჭებული აქვს 7- წლიანი აკრედიტაცია.  მის განხორციელებაში ჩართულნი არიან ცენტრის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ასოცირებული წევრია საერთაშორისო კონსორციუმისა „ევროპული სამაგისტრო პროგრამა ლექსიკოგრაფიაში“ (European Master in Lexicography – EMLex), რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს და მრავალი წელია წარმატებით ასწავლის ლექსიკოგრაფიას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დიდი ყურადღება ექცევა ლექსიკოგრაფიის სწავლებას, რადგან ამ დარგს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების საქმეში. 2022 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სახელმწიფო ენის პროგრამა, რომელიც სხვადასხვა პროექტის რეალიზაციასთან ერთად ითვალისწინებს კადრების მომზადებას სახელმწიფო ენის პროგრამის სათანადოდ განხორციელებისათვის. ლექსიკოგრაფიის ახალი სამაგისტრო პროგრამა მორგებულია სახელმწიფო ენის განვითარების საჭიროებებზე და მიზნად ისახავს ისეთი კადრების მომზადებას, რომლებზეც ქვეყანაში დიდი მოთხოვნილებაა.

ახალი სამაგისტრო პროგრამის აკადემიური და მოწვეული პერსონალი არიან ამ დარგის აღიარებული სპეციალისტები როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, მრავალი აკადემიური ლექსიკონის ავტორები, რომელთა სტატიები ქვეყნდება მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ჟურნალებში, მათ იწვევენ საერთაშორისო კონფერენციებზე პლენარული ლექციების წასაკითხად, თავადაც არაერთი საერთაშორისო კონფერენცია აქვთ ჩატარებული, მათ შორის ევროპის ლექსიკოგრაფთა ასოციაციის (EURALEX) მე-17 საერთაშორისო კონგრესი.

ამასთან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებს ეკითხებათ სალექციო კურსი „ლექსიკოგრაფიის შესავალი“, სადოქტორო საფეხურზე კი უნივერსიტეტს აქვს  მოდული „ელექტრონული ლექსიკოგრაფია“, ერთ-ერთი მოდული სადოქტორო პროგრამისა „ციფრული ჰუმანიტარია“.

2022 წელი

ბანერები