


ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სტუმრად რუსთაველის თეატრში
ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 28 ივლისს რუსთაველის თეატრს ეწვივნენ.
„თავისუფალი მეცნიერებების" საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორი საზაფხულო კურსი მიმდინარეობს. მათგან ერთ-ერთია „შექსპირი". კურსს ხელმძღვანელობს პროფესორი მანანა ანასაშვილი და მის სასწავლო პროგრამაში შედის უილიამ შექსპირის ორი პიესა :"იულიუს კეისარი" და „ანტონიუსი და კლეოპატრა", ასევე დოკუმენტური ფილმები შექსპირზე. სტუდენტები ეცნობიან საკითხავ ტექსტებს, აანალიზებენ და მართავენ დისკუსიებს. 28 ივლისს სტუდენტები შეხვდნენ შექსპირის 17 პიესის დამდგმელ რეჟისორს - რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ბატონ რობერტ სტურუას. ჩვენს სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ, კითხვები დაესვათ დიდი მაესტროსათვის დიდი წარმატების მიზეზების და შექსპირის დადგმის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ შექსპირის საზოგადოებამ რ.სტურუას მიერ ლონდონის თეატრ „რივერ საიდ სტუდიოში" დადგმული „ჰამლეტი" მსოფლიოში ბოლო 50 წლის მანძილზე ამ პიესის 10 საუკეთესო დადგმას შორის დაასახელა.
რეჟისორმა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ახალი თეატრალური სეზონის გახსნისას დაგეგმილი პრემიერის - მაქს ფრიშის „ბიდერმანი და ცეცხლის გამჩაღებლები" გენერალურ რეპეტიციაზე მიიწვია.