ფილოსოფიური სემინარი – ირაკლი დეკანოზიშვილის მოხსენება „აღიარება და სოციალური ონტოლოგია: კოლექტიური და პერსონალური იდენტობის ფორმირების ნორმატიული თეორია“
ღონისძიებები
21 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი ირაკლი დეკანოზიშვილი ფილოსოფიური სემინარის ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას „აღიარება და სოციალური ონტოლოგია: კოლექტიური და პერსონალური იდენტობის ფორმირების ნორმატიული თეორია“.
სოციალური რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ, ერთმანეთთან დაკავშირებული სხვადასხვა ფაქტისა და ობიექტის სიმრავლეს წარმოადგენს. ზოგი რამ ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობს, ზოგის არსებობა კი სწორედ ჩვენს შეთანხმებებზეა დამოკიდებული. ბუნებრივად არსებული ფიზიკური სამყარო განსხვავდება ნორმატიულად სტრუქტურირებული რეალობისგან, რომელსაც ერთმანეთთან სხვადასხვაგვარ მიმართებაში მყოფი ინდივიდები კოლექტიურად ქმნიან.
ნორმატიულად სტრუქტურირებული სოციალური რეალობა ისტორიულად და კოლექტიურად ყალიბდება აღიარების ურთიერთობების მეშვეობით. ამ პერსპექტივაში სოციალური სამყარო ბუნების სფეროსგან განსხვავდება იმდენად, რამდენადაც იგი დაფუძნებულია ინტერსუბიექტურ ნორმატიულ ურთიერთმიმართებებზე, რომლებიც შესაძლებელს ხდის პიროვნებების, ჯგუფების, ინსტიტუტებისა და სოციალური ცხოვრების საზიარო ფორმების არსებობას.
კოლექტიური ინტერნაციონალობის, ინსტიტუციური რეალობისა და სოციალური აგენტობის ონტოლოგიური საფუძვლები ღრმად არის დაკავშირებული სოციალურ ონტოლოგიასთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განსხვავება ინდივიდუალური პიროვნების კონსტიტუციასა და კოლექტიური აგენტებისა და ინსტიტუციური სტრუქტურების კონსტიტუციას შორის. თუ ჰეგელიანურ ტრადიციაზე დაფუძნებულ სოციალურ ფილოსოფიაში ძირითადი აქცენტი კეთდება აღიარების როლზე ინდივიდუალური სუბიექტურობის ფორმირებაში, სოციალური ონტოლოგიის ანალიტიკური ტრადიცია ინტერესდება კოლექტიური იდენტობისა და ინსტიტუციონალური მოწყობის მაფორმირებელი პრინციპებით.
მოხსენების ცენტრალური თეზისია, რომ აღიარება სოციალური რეალობის ფუნდამენტური, ონტოლოგიური და მაკონსტიტუირებელი პირობაა. ურთიერთაღიარება არის პროცესი, რომლის მეშვეობითაც ინდივიდები აყალიბებენ ნორმატიულ ურთიერთობებს, კოორდინაციას უწევენ სოციალურ ინტერაქციებს და ქმნიან კოლექტიური არსებობის ფორმებს. ამგვარად, აღიარება წარმოდგენილია არა მხოლოდ როგორც ეთიკური დამოკიდებულება პიროვნებებს შორის, არამედ როგორც სოციალური ონტოლოგიის საფუძველმდებარე პრინციპი.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 21 მაისი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
დასწრება თავისუფალია.
2026