მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„ელისო“ – კოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მანიფესტი – კინოჩვენება და თეო ხატიაშვილის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

27 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ნიკოლოზ შენგელაიას ფილმის „ელისო“ (1928) ჩვენება და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, თეო ხატიაშვილის საჯარო ლექცია „ელისო“, როგორც კოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მანიფესტი“.

ნიკოლოზ შენგელაია, რომელიც ფუტურისტული პოეზიიდან მოდის, 1920-იანი წლების კინოშიც (რომელსაც ის ახასიათებს, როგორც „მჟავე ცრემლებით გამომბალს“) შემოიტანს და განახორციელებს მოდერნისტული პოეზიის იდეებს, სიტყვის „განივთებასა“ და „გაკინემატოგრაფებას“ (შალვა ალხაზიშვილი, „კინოაპოლოგია“).

„ელისო“, სწორედ ამ პერიოდის კინოავანგარდის კლასიკური ნიმუში, საბჭოთა ავანგარდის, განსაკუთრებით კი ეიზენშტეინისეული რიტმული მონტაჟის, ტრადიციას აგრძელებს. „პოეზიის მონტაჟით“ ის უბრალოდ სახიერად მეტყველ კინოს კი არ წარმოადგენს, არამედ ბრძოლის, დაუმორჩილებლობის, ერთიანობისა და წინააღმდეგობის „კოლექტიური გმირის“ მანიფესტია.

სხვადასხვა სარწმუნოების ჩეჩენი ელისოსა და ქართველი ვაჟიას სიყვარულის ისტორია ცარისტულ რუსეთთან ბრძოლაში მტრულად განწყობილი ხალხების გაერთიანების ისტორიად იკითხება.

როგორც ცნობილი თეორეტიკოსი, ვიქტორ შკლოვსკი წერდა „ეს ახალი სიუჟეტი აკავშირებს არა ორ-სამ ადამიანს, არამედ ორგანიზებას უკეთებს მასას... ერთ-ერთი უხუცესთაგანი იწყებს ჩუმი ხმით სიმღერას. ფილმი უხმოა, მაგრამ ჩვენ სიმღერას ვხედავთ. ეს საცეკვაო სიმღერაა. ტაშის შემოკვრა ცვლის განწყობას, მოტირალთ ცრემლი შეაშრებათ, იმედის ნაპერწკალი სასოწარკვეთას გამარჯვებად თუ არა, საკუთარ თავში რწმენად გადააქცევს“.

ღონისძიების ორგანიზატორია კინოკლუბი “CINEMA CLUB” პროექტის “The Film Corner Clubs 2026–2028” ფარგლებში.

ინიციატივა ხორციელდება პროგრამა Creative Europe – MEDIA-ის ფინანსური მხარდაჭერით.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 27 მაისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზირი N32

დასწრება თავისუფალია.

2026

ბანერები