მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ფილოსოფიური სემინარი − ანა ლომაძის მოხსენება „რა არის გონების აქტი: ობიექტის შემეცნება თუ მასთან თანყოფნა? დუნს სკოტი ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების შესახებ“

ღონისძიებები

2 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი ანა ლომაძე ყოველკვირეული სემინარების ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას „რა არის გონების აქტი: ობიექტის შემეცნება თუ მასთან თანყოფნა? დუნს სკოტი ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების შესახებ“.

მოხსენება ეხება XIII-XIV საუკუნეების სქოლასტიკოსის, დუნს სკოტის მიხედვით გონების უმაღლეს გამოვლინებას, ინტუიციურ აქტს. ამ დროს გონებას ობიექტი არა შუამავალი „ხატის“, ფორმა-სახის (species intelligibilis), მეშვეობით, არამედ პირდაპირ, უშუალოდ უკავშირდება. ეს პროცესი უბრალოდ ცოდნის მიღება კი არა, არამედ ყოფნის მოდუსია, რომელიც ობიექტთან უშუალო მიმართებას და მასთან ერთად ყოფნას გულისხმობს.

კვლევის მიზანია აჩვენოს, რომ ამქვეყნად ადამიანის გონებას ასეთი პირდაპირი კავშირის დამყარება მხოლოდ თავის აზრებსა და სურვილებთან შეუძლია, ნებისმიერი ცალკეული საგანი კი ადამიანური შემეცნების მიღმა რჩება. როცა გონება საგანთან უშუალო თანყოფნას ვერ ახერხებს, ცოდნის შექმნა მხოლოდ „მეორად გამოსავლად“ გვევლინება.

მომხსენებელი ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, რომ, მიუხედავად გონების შეზღუდულობისა, ობიექტთან უშუალო კავშირი მაინც მიიღწევა ნებელობის მეშვეობით.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 2 აპრილი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა (S507 აუდიტორია), გ. წერეთლის გასასვლელი N1-3

დასწრება თავისუფალია.

2026

ბანერები