მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ფილოსოფიის დოქტორ დარია ვოლკოვას ლექცია „ურბანული გამწვანება: მოვლისა და ფუნქციურობის სპექტრი აქტაუში, ყაზახეთი“

ღონისძიებები

სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრი ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამასთან ერთად იწყებს 2026-2027 წლების სემინარების სერიას.

13 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ფილოსოფიის დოქტორი დარია ვოლკოვა ონლაინ წაიკითხავს პირველ საჯარო ლექციას: „ურბანული გამწვანება: მოვლისა და ფუნქციურობის სპექტრი აქტაუში, ყაზახეთი“.

რა ფუნქციებს ვანიჭებთ ურბანულ ბუნებას და როგორ ვუვლით მას? – ნაშრომი ამ კითხვებს ეძღვნება და ყაზახეთის ქალაქ აქტაუს მაგალითს განიხილავს. აქტაუ 1964 წელს დაარსდა და მისი განვითარება ნავთობის, გაზისა და ურანის მადნის მოპოვებას უკავშირდება. როგორც საზღვრისპირა ქალაქი, ის „ნულიდან“ დაიგეგმა და მთლიანად განვითარდა, დაწყებული შენობებით, დასრულებული ინფრასტრუქტურით. ურბანული გამწვანება ამ ინფრასტრუქტურის განუყოფელ ნაწილად მიიჩნეოდა და მას მანგისთუს ექსპერიმენტული ბოტანიკური ბაღის ინსტიტუტი ავითარებდა. ყვავილები, ხეები და ბუჩქები სხვადასხვა ადგილიდან შეგროვდა და აქტაუს ნიადაგში დაითესა იმ იმედით, რომ ისინი მომავალში ქალაქის მცენარეულ საფარს შექმნიდნენ და ადამიანებთან ერთად აქტაუს მშრალ გარემოს გარდაქმნიდნენ.

კვლევა ეფუძნება 2022-2025 წლებში შეგროვებულ რამდენიმე მონაცემთა წყაროს. უპირველესად ეყრდნობა იმ ადამიანების ეთნოგრაფიულ გამოკითხვას, რომლებიც ქალაქის გამწვანების მოვლა-პატრონობას ეწევიან სხვადასხვა პერსპექტივიდან: ადგილობრივი მცხოვრებნი, რომლებიც საკუთარ მიწის ნაკვეთებს უვლიან, ტექნიკური მომსახურების თანამშრომლები, ეკოლოგიური აქტივისტები, ბოტანიკური ბაღის ინსტიტუტის მკვლევრები და მუნიციპალიტეტი. მეორე: ნაშრომში განხილულია ინსტიტუტის საარქივო მონაცემები: ანგარიშები და ინსტრუქციები მოვლის სათანადო პრაქტიკების შესახებ, ანუ მორწყვის გრაფიკი, გასხვლისა და დარგვის რეკომენდაციები.

ნივთების ფუნქციურობის კვლევის მიმართულების გაგრძელებით (დომინგეს რუბიო და სხვ. 2025), ნაშრომი სვამს კითხვას: რა არის (დის)ფუნქციური ურბანული ბუნება? ვის აქვს უნარი, უფლება, პრივილეგია, განსაზღვროს ფუნქციურობის საზღვრები და კონტურები? როდის ხდება მისი მოვლა შეუძლებელი, როგორ ცვლის თავად გამწვანება ფუნქციურობის შესახებ არსებულ ვარაუდებს და ერევა მის მოვლაში? აქტაუში ურბანული გამწვანების დიზაინი ინფრასტრუქტურულ მიდგომას გულისხმობს: მოსალოდნელია, რომ კარაგაჩის ხეები და ვარდის ბუჩქები აყვავდებიან და გაიხარებენ მათთვის უცხო ნიადაგზე.

ეს შემთხვევა მოდერნისტული ექსპერიმენტებიდან ამოზრდილი ამბავია, რომელიც გვაჩვენებს, რა ბედი ეწია ამ ექსპერიმენტს, ამავდროულად, საშუალებას გვაძლევს, დავსვათ მთავარი კითხვა: რა არის ურბანული ბუნება და რა გვინდა მისგან.

დარია ვოლკოვა ერლანგენ-ნიურნბერგის FAU-ს პოსტდოქტორანტია. მას მინიჭებული აქვს ვაიმარის ბაუჰაუსის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი ურბანულ კვლევებში. გეოგრაფიულად მისი კვლევა ფოკუსირებულია კასპიის ზღვის რეგიონზე. სადისერტაციო ნაშრომში იგი ყურადღებას ამახვილებს აქტაუში საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის, ურბანული პოლიტიკისა და ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების გადაკვეთაზე. სიმონ დე ბოერთან ერთად ჟურნალის Environment and Planning E („ბუნება და სივრცე“) თემატური ნომრის თანარედაქტორია და იკვლევს რესურსების სიმცირის, სიუხვისა და საკმარისობის საკითხებს პოსტსოციალისტურ სივრცეში. მისი მიმდინარე პროექტი „ცვალებადი წყალი, ცვალებადი მომავალი: გაურკვევლობები და მზადება არაადამიანური წყლის მომავლისთვის კასპიის ზღვის სანაპირო დასახლებებში – ყაზახეთსა და აზერბაიჯანში“ დაფინანსებულია გერმანიის კვლევების ფონდის (DFG) მიერ.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 13 ოქტომბერი, 17:00 საათი (თბილისის დროით)

ფორმატი: ონლაინლექცია

ზუმის ბმული: https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/84247296394?pwd=tW9hv4uM0WvRhegquHUa1QmcHNJE1N.1

2026

ბანერები